TV MR საქართველოს დაჯარიმება

შემოსავლების სამსახური: TV MR საქართველო დოკუმენტაციას გვიმალავს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, TV MR საქართველოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მისი თქმით, საინვენტარიზაციო კომისიამ ამ ეტაპზე კომპანიის ოფისში დაასრულა ძირითადი საშუალებების (მათ შორის, გამზომი მოწყობილობის ნაწილის) ფაქტობრივი აღწერა.

"რაც შეეხება საკვლევი ოჯახების მიხედვით განთავსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას, მის წარმოდგენაზე საზოგადოების დირექტორმა ქ-მა ნინო გოგოლაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დაცულობას დაადასტურებდა წერილობით. ამასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს შედგა ოქმი, რომელზეც ხელი კომპანიის დირექტორმაც მოაწერა. კომპანიას ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, მოცემული საკანონმდებლო ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით - მოცემული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან მისი გადაცემა მესამე პირისათვის ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - აცხადებს შემოსავლების სამსახური და აღნიშნავს, რომ შპს TV MR საქართველო ამ დრომდე უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე.

"ამის გამო, ინფორმაციის მოწოდების ვადის ამოწურვის შემდეგ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე კანონის მოთხოვნების სრული დაცვითა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გუშინ დაიწყო TV MR საქართველოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების საგადასახადო შემოწმება. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ: შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ობიექტზე გამოცხადდნენ სამუშაო საათებში. გუშინ, შემოსავლების სამსახურის კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამჯერად კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე. მეტიც, მათ ჩაკეტეს ოფისში რამდენიმე ოთახი, სადაც იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები. აუდიტორებს შეეზღუდათ საშუალება მოეხდინათ დოკუმენტაციის შესწავლა-აღრიცხვა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით დაიწყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები", - აცხადებს შემოსავლების სამსახური და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება საქართველოში მოქმედ კომპანიებში სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება.

"შემოსავლების სამსახური, კანონით დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად, ახორციელებდა და ახორციელებს ასობით კომპანიის საგადასახადო შემოწმებას. მათ შორის არის არაერთი ისეთი კომპანია, რომელიც ფლობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს. ყველა ეს ინფორმაცია დაცულია შემოსავლების სამსახურის ბაზებში და მათი დაცულობის გარანტი საქართველოს კანონმდებლობაა. აქვე, არასდროს, თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე უმნიშვნელო შემთხვევას, არც ერთ კომპანიას საქართველოში უარი არ უთქვამს და, მით უმეტეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებისათვის, განეხორციელებინათ კანონით დაკისრებული ფუნქციები, შეემოწმებინათ ამა თუ იმ კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისთვის დოკუმენტების დამალვა იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას. და ბოლოს, გუშინ სატელევიზიო ეთერებით გაჟღერდა არაერთი ბრალდება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ან არასათანადოდ გამოყენების თაობაზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანია TV MR საქართველოს შემოწმების პროცესში, ისევე როგორც სხვა კომპანიების შემოწმებისას, ხორციელდება კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს აქვს ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მამხილებელი მტკიცებულება, არსებობს სტრუქტურები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ შესაბამისი გამოძიება", - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

კომენტარები