ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

დარჩიაშვილი: ივანიშვილმა თავისი გუნდის წევრებს ტალახის გუნდები მიაცხო

radiotavisupleba.ge

„ივანიშვილმა მოახერხა, ამ ინტერვიუში გაეკეთებინა ის, რაც აშკარად გამიზნული ჰქონდა: პატარ-პატარა ტალახის გუნდები მიეცხო თავისივე გუნდის წევრებისთვის, მარგველაშვილიდან დაწყებული, ღარიბაშვილით დამთავრებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს. დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. 

„მოქალაქე ივანიშვილმა ინტერვიუს ფარგლებში ძალიან ბევრჯერ იხმარა სიტყვები: გულწრფელი, ობიექტური, მაგრამ ეს სიტყვები ვერ ნიღბავდა ერთ რამეს, მახსენდება კლასიკური პერსონაჟები არა უბრალოდ ჭორიკანა, არამედ გამიზნულად ჭორიკინა, ინტრიგების მქსოველი დედაკაცების. მან მოახერხა, ამ ინტერვიუში გაეკეთებინა ის, რაც აშკარად გამიზნული ჰქონდა: პატარ-პატარა ტალახის გუნდები მიეცხო თავისივე გუნდის წევრებისთვის, მარგველაშვილიდან დაწყებული, ღარიბაშვილით დამთავრებული. იქ ამას მიჰყვა კულტურის მინისტრი, ნაწილობრივ განათლების მინისტრი, ვანო მაჭავარიანზე აღარაფერს ვლაპარაკობ“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, პრემიერი ღარიბაშვილი ივანიშვილის ნებას ასრულებს.

„საინტერესოა, ღარიბაშვილზე რა თქვა მან. მან თქვა, რომ რამდენჯერმე საუბარი ღარიბაშვილთან არ სჭირდება, რაც ნიშნავს ერთადერთს: ერთი სიტყვით ის მას უგებს და ასრულებს მის ნებას. ეს არის დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის ამ ადამიანის შინაგანი განწყობები, რომ თან გააჟღეროს, ვინ როგორ წარმოუდგენია და როცა მას დასჭირდება, ვის რა სიშიშვლე, თუ სისუსტე უნდა გამოუჩინოს ხოლმე“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

როგორც დეპუტატი ამბობს, ივანიშვილმა პუტინი, იანუკოვიჩი და იაცენიუკის მთავრობა, ფაქტობრივად, ერთ დონეზე დააყენა.

„რაც შეეხება უკრაიანაზე: ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჭკუადამჯდარი, ცოტა მოსაწყენი, მაგრამ განყენებული, სხვა პლანეტიდან ჩამოსული ანალიტიკოსივით მსჯელობს, მაგრამ რეალურად ამ ანალიზში გამოდის რა: მსხვერპლი და აგრესორი, დასავლეთის დემოკრატიული სამყარო და რუსეთი განხილული იყო დაახლოებით ერთ დონეზე: ვის რა რესურსი აქვს, ვინ ვის რაში მოერევა, ვინ ვის ეჭიდავება. თითქოს ფეხბურთის მატჩს უყურებს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშ ითელება. ამ ადამიანს მეტის თქმის საშუალება არ აქვს. მან იცის, რომ საქართველოში სერიოზული აღშფოთებაა რუსული ახალი აგრესიით. ამიტომ მან თქვა, რომ ახლა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დრო არ არის და ეს საკითხი სამომავლოა. მაგრამ ის, თუ როგორ დაახასიათა გაკვრით უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც თქვა: რომ, აი, ოპოზიცია როცა იყო, მაშინ ცოტა მწიფე რომ ყოფილიყო, ფაქტიურად ერთ დონეზე დააყენა პუტინი, იანუკოვიჩი და იაცენიუკის მთავრობა. ეს არის მისი რეალური დამოკიდებულება რეალური მოვლენებისადმი, დემოკრატიისადმი, საერთაშორისო სამართლისადმი და, საერთოდ, კაცობისა და ადამიანობისადმი“, - ამბობს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს "საუკეთესოდ ახასიათებს". მისი თქმით, ის გაოცებულია ღარიბაშვილის ნიჭიერებით.

გუშინვე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ივანიშვილის აზრით, "ის, რომ მშვიდობიანი გზით განვითარდება პროცესები, ამის ალბათობა გაცილებით დიდია. თუმცა, არაფერი არ უნდა გამოირიცხოს". ივანიშვილის თქმით, ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა რესურსს დახარჯავს, რაც აქვს. მისივე შეფასებით, დასავლეთი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ზომიერებას დაიცავს.

 

 

კომენტარები