ზურაბ ჟვანიას საქმე

ალაფიშვილი: ჩაჩუას საქმეზე ვრცელდება ამნისტია და გასულია ხანდაზმულობის ვადა

ლევან ალაპიშვილი
facebook.com/alapishvili

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, არსებობს ერთდროულად მინიმუმ ორი საფუძველი ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ დევნისა და გამოძიების შესაწყვეტად. მისი თქმით, ჩაჩუას საქმეზე ვრცელდება ამნისტია და ასევე გასულია ხანდასმულობის ვადა. აღნიშნული განცხადება ალაფიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"ლევან ჩაჩუას საქმეზე 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით?... მდაა ... ნუთუ არავინაა გონიერი, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებამდე კარგად განიხილონ.
ეს ქმედება განეკუთვნება ნაკლებადმძიმე დანაშაულის კატეგორიას, სანქციით ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ" პუნქტებით გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: (ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; (ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: (ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებადმძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

ამჟამინდელი პარლამენტის მიერ მიღებული, 2012 წლის 28 დეკემბრის სკანდალური ამნისტიის მე-3 მუხლით ასე დადგინდა: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზღრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (...) ამნისტიის ამ მუხლით 342.1. მუხლი გამონაკლისებში არ არის.

2005 წლის 3 თებერვლლიდან გასულია 6 წელი - გასულია ხანდაზმულობის ვადაც და არსებობს ამნისტიის აქტიც. არსებობს დევნისა თუ გამოძიების შეუძლებლობის ერთდროულად 2 საფუძველი.
რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ეს წინასწარ განწირული გადაწყვეტილება გამოცანად რჩება. შესაძლოა სანაცვლოდ აღიარებითი ჩვენება თუ გამოძიებისთვის სხვაგვარი დახმარება და პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფორმალური საფუძვლის შექმნა ვიხილოთ? კი მაგრამ, ასეთ სერიოზულ საქმეზე, ასეთი "დახმარების" სამართლებრივი "ფასი" თუ "წონა" ხომ უმნიშვნელო და არასერიოზულია.

შუაღამისას ბრიფინგის მოწვევა იმ განზრახვით ხომ არ დაიგეგმა, რომ კოდექსებისა და კანონებზე ფიქრისთვის დრო არ დარჩენოდა საზოგადოებას და "ტკბილად" დაეძინა ისიც უცნაურია ბრიფინგამდე 2 საათით ადრე დაკიხვიდან გამოშვებული ექსპერტს დაკავების გადაწყვეტილებას რომ მიადევნებენ" - წერს ალაფიშვილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

"ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები