რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის საკრედიტო რეიტინგი დაეცა

MICEX, 21 მარტი
Bloomberg

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფინანსურმა სააგენტომ, S&P-მ, რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივა ნეგატიურად შეაფასა.

20 მარტს, ობამას ბრიფინგის შემდეგ, გამოქვეყნებულ შეფასებაში სააგენტო წერს:

  • ჩვენი შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკი და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული არსებული და პოტენციური სანქციები, რომელიც ყირიმის ანექსიას მოჰყვა, ზრდის იმის ალბათობას, რომ პოტენციური ინვესტიციების ნაკადი დაიკლებს, ბიძგი მიეცემა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და კიდევ უფრო გაუარესდება რუსეთის ისედაც სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა
  • აქედან გამომდინარე, რუსეთის გრძელვადიანი სუვერენული კრედიტის რეიტინგის შეფასებას ვცვლით სტაბილურიდან ნეგატიურზე

სააგენტოს განცხადებით, მათი შეფასება ასახავს რუსეთის არაპროგნოზირებად ეკონომიკურ მომავალს და რეგიონში საკრედიტო რისკების ზრდას, რაც ამერიკის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს. საერთაშორისო საზოგადოების ყირიმის ანექსიის მიმართ დამოკიდებულება აძლევს მათ მიზეზს, ივარაუდონ, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

ახლადდაწესებულმა სანქციებმა და საკრედიტო რეიტინგების ვარდნამ გავლენა მოახდინეს რუსეთის საფონდო ბირჟაზეც. რუსული საფონდო ბირჟის ინდექსი, MICEX, რომელიც შედგება რუსეთის 50 ყველაზე დიდი და ლიკვიდური კომპანიის აქციების ფასებისგან, მარტო 21 მარტს 2%-ით დაეცა. ეს მაშინ, როდესაც 6 მარტისა და 17 მარტის სანქციებს შორის, საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების გასაკვირად, საფონდო ბირჟა სტაბილურად იზრდებოდა. ობამას 20 მარტის ბრიფინგის შემდგომ, პოტენციური სანქციების პერსპექტივამ რუსეთის ბაზარზე მეორე დღესვე მოახდინა გავლენა და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშის, გაზპრომის აქციებმა 2%-ით დაიწიეს.

დაეცა ნოვატეკის, რუსეთის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი გაზის მწარმოებელი კომპანიის, აქციებიც. ნოვატეკმა, რომლის თანამფლობელია რუსი მილიარდელი, გენადი ტიმჩენკო, 9.5%-იანი ვარდნა განიცადა. ტიმჩენკო ერთ-ერთი იმ 20 რუსთაგანია, რომელიც ობამას 17 მარტის განკარგულებით სანქცირებულ რუს მოქალაქეთა სიაში მოხვდა. ტიმჩენკოს წილი აქვს რუსულ ბანკ როსიაშიც, რომელსაც ასევე შეეხო თეთრი სახლის სანქციები.

ბიზნესმენებს, რომელთაც რაიმე ფინანსური ინტერესი აქვთ რუსეთში, იურისტები ურჩევენ, თავი დაიცვან პოტენციური დანაკარგებისაგან, რაც შესაძლოა დაწესებულ სანქციებს მოჰყვეს და სასწრაფოდ მიიღონ გადამჭრელი ზომები, როგორიც არის კონტრაქტების გაწყვეტა რუსულ ბიზნესსექტორთან, რათა თავიდან აიცილონ ზარალი.

რამდენიმედღიანი აღმასვლის შემდეგ, ერთ დღეში რუბლმა დოლართან მიმართებით 0.2%-იანი ვარდნა განიცადა.

 

კომენტარები