დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერი აქცია: მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციები "ვიმეგობროთ" და „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვები“ აქციას მართავენ სახელწოდებით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. აქციის ფარგლებში, მხარდამჭერები იღებენ ფოტოებს ჭრელი წინდის გამოყენებით. ასევე, გაიმართა მხარდამჭერი თეატრალიზებული მსვლელობა.

აქციის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო კამპანია 21 დან 28 მარტის ჩათვლით (შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და სამოქალაქო კლუბებში) და მხარდამჭერი კონცერტი.

უთვალავი წინდის (LOTS OF SOCKS) ტრადიცია 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა. მისი მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ვიმეგობროთ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი ჩვენი ბავშვების ეგიდით, უთვალავი წინდის იდეას წელს საქართველოც უერთდება. მოქალაქეებს შეეძლებათ ფერადი წინდის შეძენა და მისი სხვადასხვა სახის აქსესუარად გამოყენება. უჩვეულო შტრიხი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. უთვალავი წინდით უთვალავი მოქალაქე ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ, თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აღინიშნება. 

 

კომენტარები