გიგი უგულავა

უგულავა: ქვეყნის ინტერესი გაერთიანება უნდა იყოს და არა პოლიტიკური დაქუცმაცება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესზე იმყოფება. უგულავა ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. მიმდინარე სესიის ფარგლებში მან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა და კონგრესის სახალხო პარტიის ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვითაც გამოვიდა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. სახალხო პარტიის შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილებოდა. უგულავამ მხარი დაუჭირა დეკლარაციის ტექსტს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მომზადდა. თბილისის ყოფილი მერი ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტს ჰერვიგ ვან სტაასს და კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდა.

”სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის შეკითხვები საქართველოსთან მიმართებაში: ხომ არ გადის საქართველო და საქართველოს დღევანდელი მთავრობა იანუკოვიჩის გზას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ შურისძიების კამპანიას აწარმოებს. ეს კითხვა სულ უფრო მზარდია. ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ასეთ ვითარებაში რა არის ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს გაერთიანება, ევროპასთან  დაახლოება, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და არა პოლიტიკური დაქუცმაცება, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება და, შესაბამისად, ამ ყველაფრით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის იანუკოვიჩთან მიმსგავსება”, - აცხადებს უგულავა. 

კომენტარები