ასოცირების შესახებ შეთანხმება

ფანჯიკიძე: ლოგიკური იქნება, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრემიერმა მოაწეროს

Maia Panjikidze Official/facebook.com

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ლოგიკური იქნება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა მოაწეროს ხელი.

”მთავრობამ იმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობის წარმატებით დასრულება იყო, რაც განხორციელდა. მისი სხვადასხვა უწყებები ამ პროცესში არიან ჩართულები, იყვნენ ჩართულები და აგრძელებენ.  შემიძლია ჩამოგითვალოთ, ფაქტიურად ყველა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა, პირველ რიგში პრემიერმინისტრი და, შესაბამისად, რადგანაც ამავე მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველაფერის შერულება, რაც არის ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, მიმაჩნია, ლოგიკური იქნება, რომ მას ხელი მთავრობის მეთაურმა პრემიერმინისტრმა მოაწეროს”, -აცხადებს ფანჯიკიძე. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი მოაწერს. პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი.

"საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მიაღწია შედეგებს ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, ჯერ არ უსაუბრიათ იმაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პრემიერმინისტრი.

"დეტალებზე საუბარი არ გვქონია, არ ვიცი. მთავარია იქამდე მივიდეთ. დეტალებზე არ არის მგონი საუბარი აუცილებელი", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველივე პუნქტში, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, წერია, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს.

კომენტარები