საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს.
„ევროპა ხვდება, რომ რაღაცა უნდა ქნას, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი ქვეყანა არის საფრთხეში. იმედია, საქართველოს მთავრობაც მიხვდება, რომ ქვეყანა საფრთხეშია. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყირიმით არ შემოიფარგლება, როგორც თავის დროზე ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ შემოიფარგლებოდა მარტო აფხაზეთით და ცხინვალით“,-აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.