საზოგადოება

ეკლესია, ივანიშვილი და ავტორიტეტი

კონსტანტინე ლადარია
0 კომენტარი

სიტყვა-პასუხმა, რომელიც ივანიშვილსა და ეკლესიას შორის გაიმართა, საზოგადოებაში ზოგიერთი კარგად გამჯდარი წარმოდგენის გადახედვას და თან განმტკიცებას შეუწყო ხელი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის” დაარსებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ეკლესიის კრიტიკის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ეკლესიის პასუხი კი, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა, ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას ცდილობს და ეს გამოსდის კიდევაც.

ივანიშვილის მხრიდან მსგავსი ლიბერალური იდეების გახმოვანებამ, ადრესატის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, გაკვირვება გამოიწვია. მცირე ხანი პასუხი არსაიდან ჩანდა. ყველგან ამაზე წერდნენ, მაგრამ კომენტარს ჯერ ვერავინ აკეთებდა. თუმცა პირველი კომენტარი, რომელიც ეკლესიის ოფიციალურ პოზიციად იქნა აღქმული, მკაფიო და ლაკონური ფორმულით გამოითქვა და დაბნეულობის ყველა ნიშანი გააქარწყლა: „ააშენო ტაძარი, არ ნიშნავს იყო ტაძრის შვილი” – ეს პასუხი, თავისი კრიტიკული ღირებულებით, იმდენად ზუსტი აღმოჩნდა, რომ შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ეს ფორმულა უკვე დიდი ხანია მოფიქრებული იყო და საჭირო მომენტს ელოდებოდა, სანამ მსხვერპლს თავს დაატყდებოდა.

თუმცა, ამ შემთხვევაში, არც მსხვერპლია უბრალო ვინმე. ეს ბიძინაა, რომელმაც ყველაფრიდან, რასაც ხელი მოჰკიდა, სარგებელი და მოგება ნახა, როგორც ნაცარქექიამ, რომელმაც ქვიდანაც კი წვენი გამოწურა. ბიძინა ერთგვარი სოციალური „მუტანტია”, რომელიც არცერთ ჯიშსა და სახეობას არ ეკუთვნის, მაგრამ ყველა მათგანის თვისებები აქვს: ფინანსურ მაქინაციებსა და კრიმინალში სდებენ ბრალს და თან მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკლედ, კარგი მეოჯახეა; უზარმაზარი კაპიტალის მქონე ბიზნესმენ-ოლიგარქია და თან ხალხის გაჭირვებითა და უფლებათა დარღვევით შეშფოთებული პოლიტიკოსი; ქართველი კლასიკოსის სიტყვების დავიწყებას ანდაზით აკომენტარებს „კაცს მჭადის სახელი დაავიწყდაო”, ამ დროს კი პრესკონფერენციებზე ხან „ნასტალგიას” იძახის და ხანაც „კამანდიროვკას”; სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ღაღადებს და თან „ასავალ-დასავალს” ხოტბას ასხამს; დიდ მენეჯერად აცხადებს თავს და თან ნაცნობობით თანამდებობებზე დანიშვნის პრაქტიკას განუყოფელ ქართულ ტრადიციად მიიჩნევს.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი დაემატა: ბიძინა პატრიარქს ძვირფას საჩუქარს ჩუქნის, შეხუმრებული ტონით ესაუბრება და თან პრესკონფერენციაზე აცხადებს, ეკლესიაში პრობლემებია და მისი კრიტიკა საჭიროაო. ეკლესიისადმი პოლიტიკოსთა რევერანსებს უკვე ბევრი კომენტარი მოჰყვა ჯერ კიდევ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან, როდესაც ჟურნალისტის დაჟინებულ კითხვაზე, ჯვარს თუ ატარებთო, ივანიშვილმა საყელოდან ხის ჯვრისა და ფსალმუნის ამოღებითა და საჯაროდ დემონსტრირებით უპასუხა. მსგავსი ქმედებების ინტერპრეტაცია, რომელსაც არავინ ეკამათება, ამბობს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მართლმორწმუნეობის გამოვლენა მიუთითებს არა მათ სულიერ თვისებებზე, არამედ მათ პოლიტიკურ საჭიროებებზე. პოლიტიკოსი ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნება წინასაარჩევნო პერიოდში და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური კულტურის ტრადიციების სრული დაცვით, უხვად იყენებდა რელიგიურ სიმბოლიკას საკუთარი რეიტინგის ასაწევად. მაგრამ რა ვიფიქროთ, როდესაც ივანიშვილი ეკლესიას ხოტბას კი არ ასხამს, არამედ აკრიტიკებს? ამჯერად რა საჭიროებებთან გვაქვს საქმე?

შეიძლება შემეწინააღმდეგოთ ამ ლოგიკის ივანიშვილზე მორგების გამო – ივანიშვილი ამჟამად პოლიტიკაში აღარ არისო. მაგრამ ისევ ქართული სოციალურ-პოლიტიკური თავისებურებების გამო, ივანიშვილისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება პოლიტიკაში არყოფნა. და უბრალოდ პოლიტიკაში კი არა, სანამ ხელისუფლებაში მის მიერ შექმნილი ჯგუფია, რომლის უნარებზე თავად აიღო პასუხისმგებლობა, მანამდე ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი წარმატება განუყოფლადაა მიბმული ქართული ოცნების წარმატებასთან. დააკვირდით: არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის” დაარსებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა გააკრიტიკა ჟურნალისტები (ზოგიერთი მათგანი პროფესიონალიზმის მიუხედავად იტყუებაო), გააკრიტიკა საზოგადოება („ზედმეტი ემოციურობისა” და „მოუთმენლობის” გამო), გააკრიტიკა ოპოზიცია (არაპროფესიონალიზმის გამო), გააკრიტიკა ეკლესიაც, ხოლო ერთადერთი, ვისზეც აუგიანი სიტყვა არ დასცდა, ხელისუფლებაა.

პირდაპირი კრიტიკის ხისტ მეთოდს ივანიშვილი ხშირად მიმართავდა პრემიერმინისტრობის პერიოდში საკუთარი ავტორიტეტის დემონსტრირებისათვის: 2013 წლის 26 სექტემბერს იგი ჯერ ექსპერტებს შეხვდა, მათ თავიანთი გამონათქვამები წაუკითხა და განმარტებები მოსთხოვა. საპარლამენტო ოპოზიციამ ეს შეხვედრა „საქმის გარჩევად” შეაფასა. მოგვიანებით, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, იმავე შეფასებას თავი ვეღარც ჟურნალისტებმა აარიდეს, როდესაც ივანიშვილი ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს და პოლიტიკურ გადაცემათა წამყვანებს შეხვდა. შეხვდა და თითოეულ მათგანს მუშაობის წესი, ენა, აქცენტები და, ზოგადად, ჟურნალისტური ეთიკა დაუწუნა. ექსპერტებსა და ჟურნალისტებთან ნიადაგის მოსინჯვის შემდეგ, ივანიშვილი ქართული საზოგადოების ავტორიტეტის ჯომოლუნგმის, მართლმადიდებელი ეკლესიის დალაშქვრას ცდილობს.

თავად ივანიშვილის ავტორიტეტი კი მისი „მუტანტობაა”. ეს ერთგვარი ქარიზმაა. თითქოს შეუძლებელია დარწმუნებული იყო, მრავალწახნაგა გამოცდილების რომელ ნაწილს ეფუძნება მისი გადაწყვეტილებები, თუმცა ეკლესიასთან გამართულ სიტყვა-პასუხში ივანიშვილის კორპორაციული ინტერესები იკითხება.

აშკარაა, რომ ივანიშვილი ეკლესიას კონკურენტად აღიქვამს. ქართულ საზოგადოებაში ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტი პოლიტიკური ავტორიტეტია, რისი საუკეთესო მაგალითიც თავად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებაა. ივანიშვილი წარმატებული ბიზნესმენიდან ავტორიტეტულ პოლიტიკოსად უპრობლემოდ გადაკეთდა, ხოლო კალაძე წარმატებული ფეხბურთელიდან – ვიცეპრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად. თავად ეკლესიას რაც შეეხება, მისი ავტორიტეტის ელასტიკურობას წინა ხელისუფლების პერიოდი ადასტურებს:

ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში საგადასახადო შეღავათებითა და პირდაპირი დაფინანსებით გაძლიერებული მართლმადიდებელი ეკლესია, დროთა განმავლობაში, თავად გადაიქცა ხელისუფლების საწინააღმდეგო განცდათა სადგომად. ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყენებდა გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილის ანტირეკლამაში სპეცრაზმის მიერ სატვირთო ავტომანქანით ეკლესიის კარების შემტვრევის კადრებს; მანამდე კი, 2007 წლის ნოემბრის აქციის დარბევისას, როგორც მაშინ იმედის საინფორმაციო გადაცემა აცხადებდა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის სპეცრაზმი” დაესხა თავს ქაშუეთის ეკლესიას შეფარებულ მომიტინგეებს. ნაციონალურ მოძრაობას ბრალდებოდა ანჩისხატთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების განხორციელების ხელის შეშლა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან კი სასულიერო პირები უკვე თამაშში ღიად ჩაებნენ ჯიპებზე გაკრული ქართული ოცნების ბანერებითა და „დაგმე მიშას” მოთხოვნით.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი ხანი, ეკლესია და ახალი ხელისუფლება შეხმატკბილებულად არსებობდნენ, მაგრამ შემდგომ მოხდა 17 მაისი და გაირკვა, რომ სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა ამჟამად ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია საპროტესტო მასების მობილიზების თვალსაზრისით. ამისთვის ანგარიშის არგაწევამ კი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მარცხის ისტორია გაამეოროს, რომელიც ყველაზე კარგად ანდაზით „ციხე შიგნიდან ტყდებაო” გადმოიცემა (აქ ციხის შიდა ამრევებში ვგულისხმობ არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ თავად ივანიშვილს და, თუ გნებავთ, ბედუკაძესაც). შესაბამისად, სანამ ციხემ შიგნიდან არ დაიწყო რღვევა, არასანდო ელემენტების ციხე-სიმაგრიდან გაძევებაა საჭირო. სწორედ ამის განხორციელებად შეიძლება მივიჩნიოთ კანონპროექტი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობს და ასევე ივანიშვილის მიერ ეკლესიის კრიტიკის წაქეზებაც.

მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ქართული ეროვნული იდეის ღერძად მიაჩნია საკუთარი თავი, ასე ადვილად არ დათმობს ციხე-სიმაგრეში თავის ცენტრალურ პოზიციას და მისი პირველი პასუხი – „ააშენო ტაძარი, არ ნიშნავს იყო ტაძრის შვილი” – დავის საგნად სწორედ ავტორიტეტს აქცევს. აქ აქცენტი სწორედ ივანიშვილის „მუტანტობაზეა” გაკეთებული, რომელიც ქარიზმიდან ცოდვაში გადაიზარდა, რადგან ამ ფორმულის ლოგიკას მის სხვა ქმედებებს თუ მოვარგებთ, მივიღებთ:

მოიგო არჩევნები, არ ნიშნავს იყო პოლიტიკოსი.
გამართო პრესკონფერენცია, არ ნიშნავს იცოდე ლაპარაკი.
გქონდეს ბევრი ფული, არ ნიშნავს იყო მდიდარი.

ხოლო ეკლესიას არა ციხე-სიმაგრის მკვიდრად, არამედ თავად ციხე-სიმაგრედ წარმოაჩენს. მართალია, საპატრიარქომ მალევე განაცხადა, რომ არაფერი აქვს საერთო ამ განცხადებასთან, თუმცა მესიჯი გაშვებულია და მას შემდეგ ბევრი სტატია და სასულიერო პირთა ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ივანიშვილის ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად და დაუშვებლადაა მიჩნეული.

ვერცერთი ვერ იტანს კრიტიკას – ეკლესია თავისი უკონკურენტო მორალური ავტორიტეტისა და კულტურული ღვაწლის გამო, ხოლო ქართული ოცნების ლიდერი – ქართული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებიდან გამომდინარე. ამ ორს შორის კრიტიკის ურთიერთგაცვლის მოვლენა ერთი ლოგიკური ამოცანის პირობას მახსენებს: „რა მოხდება, თუ ყველაფრის დამანგრეველი ბომბი ყოვლად დაუნგრეველ კედელს მოხვდება?”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები