საზოგადოება

გაცვლითი პროგრამების შესახებ

ირინა ქველიძე
0 კომენტარი

ქართველი სტუდენტებისთვის უამრავი გზა არსებობს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ყველაზე დიდი არჩევანი მათთვისაა, ვისაც მაგისტრის ხარისხის მოპოვება სურს. როგორც წესი, გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ზაფხულში ზუსტდება და საბუთების მიღება შემოდგომაზე იწყება. მაგისტრატურაზე სწავლა 1 ან 2-წლიანია და ფინანსდება ყველა ხარჯი – სწავლის საფასური, დაზღვევა, მგზავრობისა და ვიზის გადასახადი. ასევე, სტუდენტი იღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს სთავაზობს არასრული და სრული ხარისხის კურსებს. როგორც წესი, არასრული კურსები იმ სტუდენტებისთვისაა, რომლებიც პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლობენ. ყურადღებას გავამახვილებ პროგრამებზე, რომლებიც სრული ხარისხის აღებას სთავაზობენ სტუდენტებს. ამ შემთხვევაში, მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა არაა ის, რომ მათ მაგისტრატურაზე უკვე ჩაბარებული ჰქონდეთ.

თითოეული პროგრამა სხვადასხვა პროფესიაზეა ორიენტირებული. მაგალითად, გაცვლითი პროგრამა ACTIVE სტუდენტებს იწვევს ინჟინერიის, არქიტექტურისა და კომპიუტერული კურსების შესასწავლად. თქვენ საშუალება გეძლევათ, ისწავლოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამორჩეულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა, მაგალითად, ვარშავისა და ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტები.

ჰუმანიტარებისთვის საინტერესო იქნება HERMES, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ, ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში. ტალინის, ათენისა და სოფიას უნივერსიტეტები ჰუმანიტარებს სთავაზობენ მიმართულებების ფართო არჩევანს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ Fullbright-ით. პროგრამა პროფესიების ფართო არჩევანს გვთავაზობს. აპლიკანტი თავისუფლად უნდა ლაპარაკობდეს და წერდეს ინგლისურად. ასევე, აუცილებელია სამი სარეკომენდაციო წერილი. დაინტერესებულმა პირებმა აშშ-ის საელჩოს უნდა მიმართონ.

ევროპის გაცვლითი პროგრამები სწავლებას როგორც ინგლისურ, ასევე მასპინძელი ქვეყნის ენაზე გთავაზობენ. კვოტაც თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვანაირია. როგორც წესი, ინგლისურ ენაზე სწავლას აპლიკანტების უმეტესობა ირჩევს და სწორედ ამიტომ, მასპინძელი ქვეყნის ენაზე სწავლის მსურველებს გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვთ. მაგალითად, IANUS II-ის ოფიციალური კოორდინატორი ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტია. აპლიკანტებისთვის შეთავაზებული კურსებიდან უმეტესობა რუმინულადაა, დანარჩენი კი ინგლისურად.

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ქვეყანაში ცხოვრების საფასური, რათა სტიპენდია თვიდან თვემდე გეყოთ. ACTIVE და HERMES Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამებია და ის აფინანსებს მგზავრობის, სწავლისა და დაზღვევის გადასახადებს. ასევე, ყოველთვიურ სტიპენდიას. ევროპაში საშუალოდ სტიპენდია 1000 ევროს შეადგენს, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის ძალიან ცოტაა, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის დამაკმაყოფილებელი. აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება და კვება თვეში დაახლოებით 300 ევრო ჯდება, დასავლეთ ევროპაში კი 500 ევროზე მეტი.

სასურველი პროგრამის არჩევის შემდეგ აუცილებელია დოკუმენტების მომზადება. თითოეულ პროგრამას სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეს CV Europass-ის ფორმატში, რომლის მოძიებაც ინტერნეტში ყველას შეუძლია. ასევე, გაცვლითი პროგრამები ითხოვენ ბაკალავრიატის დიპლომს და ნიშნების ამონაწერს. აუცილებელია ყველა ქართული დოკუმენტის ინგლისურად თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება.

ასევე, გაცვლითი პროგრამები ითხოვენ ენის სერტიფიკატს. უფრო ხშირად მოთხოვნილია TOEFL ან IELTS. ეს ყველაფერი უნივერსიტეტზეა დამოკიდებული. იშვიათ შემთხვევაში, მხოლოდ თვითშეფასების ფორმასაც სჯერდებიან.

აპლიკანტებს სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბაკალავრიატის ქულებსა და GPA-ის. ასევე, სტუდენტობისას თქვენს აქტივობას, სხვადასხვა ტრენინგსა და გამოცდილებას. გაცვლითი პროგრამის მოთხოვნა შეიძლება იყოს სამოტივაციო წერილიც, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას დიდ გავლენას ახდენს კომისიაზე.

ონლაინ აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ და შემდეგ დაიწყოთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ მოგიწევთ რამდენიმე თვის განმავლობაში პასუხს დაელოდოთ. როგორც წესი, გამარჯვებულებს მარტში ან აპრილში ირჩევენ, სწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამიტომ ვიზაზე განაცხადი რაც შეიძლება მალე უნდა შეიტანოთ, რათა შემდგომში პრობლემები აიცილოთ. ამის შემდეგ უკვე თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტში იპოვოთ და აირჩიოთ საცხოვრებელი ადგილი სასურველ უბანში. როგორც წესი, უნივერსიტეტებს აქვთ სტუდენტური საცხოვრებლები, სადაც ფასები განსხვავებულია. დასავლეთ ევროპაში 50-100 ევრო ღირს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში საერთო საცხოვრებელი 150 ევროდან იწყება და 400 ევრომდე აღწევს. სურვილის შემთხვევაში სახლის დაქირავებაც შეგიძლიათ, როგორც მარტო, ასევე სხვა სტუდენტებთან ერთად.

ევროპაში წასულ სტუდენტს, რომელსაც შენგენის ვიზა აქვს, შეუძლია მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობა. დასვენების პერიოდი უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე დევს და დაახლოებით ისეთივეა, როგორიც საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების.

დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული გზებიც არსებობს. მაგალითად, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD) სტუდენტებს სთავაზობს დაფინანსებას. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 365 გერმანული უმაღლესი სასწავლებელი. სტიპენდია თვეში 750 ევროა. პროგრამა ასევე ფარავს მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს. სტუდენტს, რომელიც განაცხადის შევსებისას 15 თვეზე მეტია გერმანიაში, არ აქვს მონაწილეობის მიღების უფლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს ლეკვი, სახელად "ერთგული" აჩუქა

კომენტარები