ეკონომიკა

რა გვინდა, რას ველოდებით და რას ვითხოვთ?

აკაკი ცომაია
0 კომენტარი

დემოკრატიის ეკონომიკური ანალიზი

ნაწილი 1: კოლექტივიზმის თეორია

ურთიერთხელსაყრელი გარიგებები, რომელსაც ადგილი აქვს თავისუფალ ბაზარზე მყიდველსა და გამყიდველს შორის, ეკონომიკური სისტემის უმთავრეს შემადგენელს წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია, რომ ურთიერთხელსაყრელი გარიგებების უზრუნველყოფის პროცესს უფრო მეტი მონაწილე ჰყავდეს, ვიდრე მხოლოდ მყიდველი და გამყიდველი. ასეთ მონაწილეთა ერთობლიობას პირობითად ვუწოდოთ კოლექტიური ორგანიზაცია ან კლუბი, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, სადაც ისინი ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ თითოეული წევრის კეთილდღეობის გაზრდას.

ანალოგიურად, ქვეყნის მთავრობა წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც მიმართული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდისკენ. ძირითადი განსხვავება მთავრობასა და კლუბს შორის არის ის, რომ წევრებს შეუძლიათ კლუბის დატოვება, თუ მათ კლუბის წესები არ მოსწონთ, მაშინ როდესაც ხელისუფლება თითოეული მოქალაქისგან ითხოვს ამ წესების შესრულებას და გადასახადების (საწევროს) გადახდას, მიუხედვად იმისა, ეთანხმება თუ არა იგი ამ წესებს.

მიუხედავად იმისა, კოლექტიურ ორგანიზაციას ვუწოდებთ კლუბს თუ მთავრობას, ნებისმიერი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სურს განახორციელოს ერთობლივი ქმედება, დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე. მანამდე, სანამ ჯგუფი დაიწყებს მოქმედებას, მათ უნდა ჩამოაყალიბონ ჯგუფის მიზნები და გადაწყვიტონ, თუ რა ამოცანები უნდა განახორციელონ მიზნების მისაღწევად. ეს გულისხმობს, რომ ადამიანის ინდივიდუალური პრეფერენციები უნდა გაერთიანდეს ჯგუფურ პრეფერენციებში. აქ მთავარი გამოწვევა არის ის საზომი, რომლის მიხედვითაც ინდივიდთა პრეფერენციები ჯგუფის შიგნით უნდა შეესაბამებოდეს ჯგუფის მიზნებს და ამოცანებს. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის 2 ასპექტი უნდა გამოიკვეთოს: ჯგუფის მოტივაცია და ის, რა შეიძლება იგულისხმებოდეს კოლექტივის პრეფერენციაში.

ადამიანებს გააჩნიათ განსხვავებული მოტივაციები. ადამიანები ქმნიან კოლექტიურ ორგანიზაციას, რადგან მიაჩნიათ, რომ კოლექტიური ქმედებით უფრო მეტი სარგებლის მიღება შეიძლება, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობით. ადამიანებს შესაძლებელია კოლექტიური ქმედებით უნდოდეთ გარე ეფექტების რეგულირება ან/და საზოგადოებრივი სიკეთის წარმოება. კოლექტიური ქმედება გამართლებულია, როდესაც იგი ხელს უწყობს თითოეული მონაწილის კეთილდღეობის ზრდას. ნებაყოფლობითი კლუბების არსებობისას, წევრები იღებენ გარკვეულ სარგებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში – ტოვებენ კლუბს. თუმცა მაჩვენებელი, რომელმაც უნდა გაზომოს, თუ რამდენად კარგად აკმაყოფილებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მათი თანამოქალაქეების მოთხოვნილებებს, ძალზე აბსტრაქტულია, ხოლო კლუბის დატოვება ამ შემთხვევაში საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლის ტოლფასია, რაც ნაკლებად სავარაუდოა და ამდენად, მთავრობის პროგრამების და პოლიტიკის შეფასება, მისი არმიღება ან/და ეფექტიანობის გაზრდა, თითქმის შეუძლებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფმა უნდა მიიღოს კოლექტიური გადაწყვეტილებები და ჩამოყალიბდეს იმაზე, თუ რა ტიპის ქმედებები იქნება საუკეთესო, მას, როგორც აბსტრაქტულ ცნებას, არ გააჩნია მოთხოვნილებები. თუმცა, ადამიანებს ჯგუფში აქვთ ინტერესები, ხოლო ხმის მიცემა წარმოადგენს ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებას, რაც დასტურდება ჯგუფური გადაწყვეტილებით. ჯგუფურ ინტერესში იგულისმება, რომ ჯგუფის თითოეული წევრის ინტერესი გათვალისწინებულია. ამდენად, საზოგადოების ინტერესი სხვა არაფერია, თუ არა თითოეული ინდივიდის ინტერესის გათვალისწინება საზოგადოებაში, თუმცა თავად საზოგადოებას, როგორც ასეთს, არ შეიძლება გააჩნდეს მოთხოვნილებები. ეკონომიკურ ენაზე, საზოგადოების კეთილდღეობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს მთავრობის (საზოგადოების) გადაწყვეტილება თითოეული ინდივიდის კეთილდღეობაზე.

რადგან თავისუფალ ბაზარზე გარიგებები ნებაყოფლობითია, სადაც თითოეული მხარე მოგებულია, რესურსების გადანაწილების მექანიზმი ყველაზე ოპტიმალურია ყველა შესაძლო ალტერნატივებს შორის. თავისუფალი ბაზრისგან განსხვავებით, თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფუძნება უმრავლესობის პრინციპს, რაც თეორიულად გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც მხარს უჭერენ გარკვეული ტიპის პოლიტიკას, ელოდებიან სარგებელს, ხოლო უმცირესობა, რომელიც ეწინააღმდეგება არჩეულ პოლიტიკას, ელოდება მდგომარეობის გაუარესებას. იქ, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი სარგებლობს, ხოლო მეორე ნაწილი ზარალობს, შეუძლებელია საუბარი რესურსების ოპტიმალურ განაწილებაზე. ამდენად, რესურსების გადანაწილების მიმართულებით, საზოგადოებრივი სექტორი თავისუფალი ბაზრის ეკვივალენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები დაეფუძნება ერთსულოვნების (unanimity) პრინციპს.

ამრიგად, საზოგადოებრივი პოლიტიკა ან/და პროგრამა მხოლოდ მაშინ იქნება გარანტირებულად შედეგის მომტანი, თუ საზოგადოების თითოეული წევრი მიიჩნევს, რომ ეს მის კეთილდღეობას გაზრდის. სხვა შემთხვევაში, უნდა მოინახოს გზა, რომ შეფასდეს უმრავლესობის სარგებელი და უმცირესობის ზარალი, ანუ, განხორციელდეს საზოგადოებრივი სარგებლისა და ხარჯების ანალიზი. ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ უმრავლესობის სახელით მიღებული დაგაწყვეტილება უფრო მეტად გააუმჯობესებს უმრავლესობის კეთილდღეობას, ვიდრე შეამცირებს უმცირესობისას. გამომდინარე იქიდან, რომ ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც სარგებელი-ხარჯის ანალიზი, ვერ ხერხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საზოგადოების საკეთილდღეოდ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება მცდარია და სრულიადაც არ აუმჯობესებს საზოგადოების უმრავლესი წევრის კეთილდღეობას, ნებაყოფლობით შექმნილი ორგანიზაციებისა და კლუბებისგან განსხვავებით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მათი არჩევანიდან გამომდინარე, ჯგუფში გაწევრიანება ან ჯგუფის დატოვება.

უამრავი დასახელების კოლექტიური ორგანიზაცია ოპერირებს საზოგადოებაში. მაგალითად, კლუბები, სოციალური ჯგუფები, ქალაქის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება. სხვადასხვა საქონელს გააჩნია სხვადასხვა მახასიათებლები, რაც განაპირობებს ჯგუფის იმ ოპტიმალურ რაოდენობას, რომელშიც ეს საქონელი უნდა გაზიარდეს. დავუშვათ, საცურაო აუზი არის საზოგადოებრივ საკუთრებაში და იგი ემსახურება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. თითოეული ადამიანი იხდის საწევროს, რომელიც საჭიროა აუზის ხარჯების დასაფარად. მანამ, სანამ ყოველი დამატებითი ადამიანი არ ამცირებს სხვა ადამიანის სარგებელს, აუზი არის კოლექტიური მოხმარების მომსახურება და ყველა კმაყოფილია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება და აუზი გადაიტვირთება, მომხმარებლებს პრობლემა შეექმნებათ. ამ სიტუაციიდან არის შემდეგი გამოსავალი: აუზი უნდა გაიზარდოს მოცულობაში. ეს შექმნის დამატებით სირთულეებს, რადგან გაძნელდება უსაფრთხოების ზომების დროული მიღება და სხვა.

ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, თუ გზატკეცილი გადაიტვირთება, ტრეკების დამატება იქნება ერთ-ერთი გამოსავალი, რაც გააძნელებს გზატკეცილზე შესვლის და გასვლის საკითხების დარეგულირებას და ასევე, უსაფრთხოების ზომების დაცვას. ამდენად, ერთი გიგანტური გზატკეცილის ან აუზის აშენებას სჯობს რამდენიმე გზატკეცილის და აუზის ქონა. ასეთი ტიპის მომსახურება უფრო ხარისხიანიც იქნება და ხარჯეფექტურიც.

მაშასადამე, საზოგადოებრივ პროდუქტთან მიმართებით, საზოგადოება ქმნის სხვადასხვა ზომის სამომხმარებლო ჯგუფებს. შესაბამისად, კონკრეტული ამოცანები სად უნდა შესრულდეს, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, დამოკიდებულია საქონლის სპეციფიკასა და მოხმარების რაოდენობაზე. როდესაც საქონლის მოხმარების რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურ მომხმარებელთა რაოდენობას, ადგილი ექნება საქონლის გადაჭარბებით მოხმარებას (ეროვნული თავდაცვა, საერთო რესურსები). ამდენად, თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მთელ საქართველოს, ასეთი საქონელი უნდა შექმნას ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მომხმარებელთა ჯგუფს, რომელიც არ სცდება თვითმმართველ ერთეულს, მაშინ ეს საქონელი უნდა შექმნას თვითმმართველმა ერთეულმა.

ხელისუფლების ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის საკითხი უნდა განიხილებოდეს სწორედ ამ კონტექსტში. საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძალზე შორს დგას ამ კონცეფციისგან. შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა შეიქმნას და გაზიარდეს საზოგადოების წევრებში, იქნება იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე მონაწილეებს სჭირდებათ. ორივე შემთხვევაში, გაწეული საზოგადოებრივი ხარჯები აღემატება საზოგადოებრივ სარგებელს. ამდენად, რესურსები არაეფექტიანად ნაწილდება.

ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ტიპის საქონელს სხვადასხვა მახასიათებლები გააჩნია, ჯგუფის წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია თავად ამ პროდუქტის სპეციფიკაზე. კერძო მოხმარების საქონლისთვის, ჯგუფის ოპტიმალურ ზომას წარმოადგენს ერთი ადამიანი, რადგან საქონელი ატარებს ორივე თვისებას, არის გამორიცხვადი და, ამავდროულად, მეტოქეობისუნარიანი. საცურაო აუზის კლუბის ოპტიმალური ზომა შესაძლებელია აერთიანებდეს რამდენიმე ადამიანს, მაგრამ იგი ბევრად მცირეა, ვიდრე ქალაქის მოსახლეობა, სადაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქში მცხოვრებლებს ისეთი ტიპის საზოგადოებრივი სიკეთით, როგორიცაა: გზები, პარკები, გარე განათება და სხვა.

ეროვნული თავდაცვა, რეგიონთაშორისი მაგისტრალები და ა.შ. მოითხოვს უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას, ვიდრე ქალაქის მოსახლეობა. საზოგადოების სტრუქტურას განაპირობებს სხვადასხვა შინაარსისა და ზომის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მთლიანობაში ქმნის საზოგადოებას. საზოგადოებრივი პროდუქტების სია მით უფრო მეტად მცირდება, რაც უფრო მეტად იზრდება ოპტიმალური ჯგუფის რაოდენობა. ფაქტობრივად, ცენტრალური ხელისუფლება მიზნად უნდა ისახავდეს ნაკლები რაოდენობის საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნას, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა, სინამდვილეში სხვა რეალობა გვაქვს.

დემოკრატიის ეკონომიკური მოდელი – აქამდე მსჯელობაში ვაკეთებდით დაშვებას, რომ ჯგუფური გადაწყვეტილების ფორმირებაში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული. სინამდვილეში, ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ან საერთოდ არ მიიღწევა, ან ძალზე ხარჯიანია. როგორც წესი, ჯგუფის წევრები ირჩევენ წარმომადგენლებს, ან მოხელეებს, რომლებიც ჯგუფის სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს. დემოკრატიის ეკონომიკური მოდელი დიამეტრულად განსხვავდება იმისგან, თუ რა სურს უმრავლესობას. ეკონომიკურ მოდელში, არჩეულ მოხელეებს (წარმომადგენლებს) აქვთ წინასწარ განსაზღვრული და ნათლად ჩამოყალიბებული ამოცანები, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. მოქალაქეები არ ცვლიან ხმებს დაპირებებში, არამედ ირჩევენ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებს, რომელთა უნარები და კომპეტენციები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილი სამუშაოს აღწერილობას და მოთხოვნებს.

ფაქტობრივად, ეკონომიკური მოდელი გულისხმობს „მენეჯერების” თანამდებობებზე კონკურსის წესით არჩევის პროცესს გარკვეული დროის განმავლობაში. რადგან მოქალაქეები თანხმდებიან, რომ კოლექტიურ ორგანიზაციას (ოპტიმალური ზომის გათვალისწინებით) უფრო შედეგიანად და ეფექტიანად შეუძლია საზოგადოებრივი სიკეთის მოქალაქეებისთვის მიწოდება, ვიდრე ამას მოქალაქეები ინდივიდუალურად შეძლებდნენ. შესაბამისად, მოქალაქეები, იხდიან რა გადასახადებს, ცდილობენ თანამდებობებზე ისეთი ადამიანების შერჩევას, რომლებიც შეძლებენ წინასწარ განსაზღვრული დავალებების მაქსიმალურად კარგად შესრულებას. თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი ანგარიშვალდებული ხდება ამომრჩევლის წინაშე, ისევე როგორც ნებისმიერი სააქციო საზოგადოების მენეჯერი – აქციონერების წინაშე. პასუხისმგებლობის დონე დგინდება შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით, ხოლო შესასრულებელი სამუშაო გაზომვადია და კონკრეტული. კოლექტიური ორგანიზაციის მმართველს ეძლევა იმ რაოდენობის რესურსის გამოყენების უფლება, რამდენიც ეს სჭირდება კონკრეტული დავალებების შესრულებას. შესაბამისად, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების შედეგიანობა იზრდება. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კანდიდატები იძლევიან არა დაპირებებს, არამედ მუშაობენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საჭიროა სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად.

ვინ უნდა შექმნას ის კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ოპტიმალურ დონეზე შეზღუდავს ხელისუფლებას იმ საქმიანობათა განხორციელების ხელის შეშლისთვის, რომელიც დააზარალებს მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, იმ საქმიანობათა წახალისებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთებას? საკონსტიტუციო წესების შემუშავებას სჭირდება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე საზოგადოების უბრალო უმრავლესობა. საყოველთაო შეთანხმება არის აუცილებელი იმაზე, თუ რისგან შედგება საზოგადოებრივი სიკეთე. ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურს კოლექტიური ორგანიზაციის შექმნა, უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რას ელოდება მისგან, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების საერთო ინტერესი, მიიღონ სარგებელი იქიდან, რისი უზრუნველყოფაც კოლექტიურ ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად.

როდესაც ამ გზით მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ სასურველი მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ საფასურად და არა უფასოდ, „უბილეთო მგზავრების” რაოდენობა მცირდება. ანალოგიურად, მცირდება იმ მომსახურებათა ჩამონათვალიც, რომლის მიღებაც ადამიანებს სურთ კოლექტიური ორგანიზაციისგან. საზოგადოების ოპტიმალურ ზომას კი განსაზღვრავს თავად საქონლის სპეციფიკა. ამის საფუძველზე იქმნება ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლება შეზღუდული რესურსებით და შესაძლებლობით, რომელიც მეტი ალბათობით, უფრო შედეგიანად და ეფექტიანად უნდა ახერხებდეს იმ სარგებლისა და ფასეულობების მიწოდებას, რაშიც წევრები შესაბამის საფასურს იხდიან.

ეს მოდელი ძირეულად ემიჯნება დემოკრატიის იმ კონცეფციას, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ამ ვარაუდით, საზოგადოების უმრავლესობა გამოთქვამს მზადყოფნას, გადასცეს განუსაზღვრელი ძალაუფლება ადამიანთა ჯგუფს, რომელიც შეეცდება უმრავლესობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უმცირესობის ხარჯზე. ასეთ სისტემას ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია, რადგან შეუძლებელი ხდება საზოგადოებრივი ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი და შეფასება.

(იხილეთ ნაწილი 2)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

კომენტარები