ეკონომიკა

როგორ წარმოიქმნება მოთხოვნა საზოგადოებრივ სექტორში

დემოკრატიის ეკონომიკური ანალიზი

ნაწილი 2 

(იხილეთ ნაწილი 1)

თავისუფალ საბაზრო სისტემაში ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს სარგებლისა და ხარჯის ანალიზის საფუძველზე. გადაწყვეტილება ნიშნავს, ერთი მხრივ, არჩევანის გაკეთებას არსებულ ალტერნატივებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, რაღაცის დათმობას უფრო მეტი ფასეულობის მიღების სანაცვლოდ. შესაბამისად, ფასი მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც იგი ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას და ქმნის ინდივიდუალური პრეფერენციების სკალას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოთხოვნა თავისუფალ ბაზარზე არის პროდუქციისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც მომხმარებელს სურს, რომ შეიძინოს გარკვეულ ფასად.

ინდივიდუალურ მოთხოვნათა რაოდენობა ჯამდება და წარმოიქმნება საბაზრო მოთხოვნა. ეს იგივე საზოგადოებრივი მოთხოვნაა, რომელიც მოიცავს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას შეისყიდონ განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტი და მომსახურება „უხილავი ხელის“ მეშვეობით დადგენილ საბაზრო ფასად. რესურსი პირველ რიგში ხვდება მას, ვისაც უფრო მაღალი ფასის შეთავაზება, ე.ი. დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლია უფრო მაღალი სარგებლის მოლოდინის სანაცვლოდ.

ცნობილია, რომ თავისუფალი საბაზრო სისტემა არ არის იდეალური მექანიზმი და გააჩნია მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელთა შორის აღსანიშნავია გარე ეფექტები და საზოგადოებრივი სარგებელი. შესაბამისად, სასურველია, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, ზოგიერთი ტიპის რესურსი გადაანაწილოს არა თავისუფალმა ბაზარმა, არამედ საზოგადოებრივმა სექტორმა. მიჩნეულია, რომ დემოკრატიული სისტემა არის ამ პროცესის უზრუნველყოფის საუკეთესო მოდელი.

წინა სტატიაში შევეცადეთ აგვეხსნა, თუ როგორ მიიღება კოლექტიური გადაწყვეტილებები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ სტატიის მიზანია იმის დასაბუთება, რომ მას შემდეგ, როდესაც ინდივიდუალური პრეფერენციები აგრეგირდება უმრავლესობის პრინციპში, საზოგადოებრივ სექტორში მოთხოვნის წარმოქმნის პროცესი ვერ უზრუნველყოფს იმ პრობლემათა მოგვარებას, რომელიც უკავშირდება ე.წ. თავისუფალი ბაზრის ჩავარდნებს.

პილიტიკურ ბაზარზე, მოთხოვნას საზოგადოებრივ პროდუქტზე განსაზღვრავს ამომრჩევლის ხმა. ამ თვალსაზრისით, უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს აგროვებენ სწორედ ის ამომრჩევლები, რომელთა პრეფერენციები არის გასაშუალოებული და არა რადიკალური. მაგალითად, დავუშვათ, სამმა ადამიანმა საზოგადოებაში უნდა გადაწყვიტოს განათლების დაფინანსების საკითხი. ერთი ადამიანი ერთგულია თავისუფალი ბაზრის პრინციპების და რადიკალურად წინააღმდეგია სახელმწიფოს მონაწილეობის. მესამე ამომრჩეველი არის მკვეთრად გამოკვეთილი სოციალისტი და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად დიდი რესურსი უნდა ჩადოს განათლებაში. გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის მეორე ამომრჩეველს და დამოკიდებულია იმაზე, თუ საითკენ იხრება მისი პრეფერენციები. თუ ის უფრო მხარს უჭერს კაპიტალიზმს, ვიდრე სოციალიზმს, მაშინ ხელისუფლების მონაწილეობა განათლების დაფინანსების საკითხში შედარებით შეზღუდული იქნება და პირიქით.

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ქმნის საზოგადოებას. ეს მოდელი ეხება ნებისმიერი რაოდენობის ამომრჩეველს. რაც უფრო მეტია ე.წ. საშუალო ამომრჩევლის ხვედრითი წონა ამომრჩეველთა რაოდენობაში, მით უფრო მეტად არის გასაშუალოებული საზოგადოებრივ პროდუქტზე მოთხოვნა. სწორედ ასე წარმოიქმნება უმრავლესობა, რომელიც სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. აღნიშნულ ლოგიკაზე დაყრდნობით, ექსტრემალური აზრის გამტარებელ პოლიტიკოსებს არჩევნებში გამარჯვების დაბალი შანსი აქვთ და ამდენად, უმრავლეს შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოდის მთავრობა, რომელიც შედარებით მემარცხენეა, ვიდრე მემარჯვენე, ან პირიქით. უფრო მეტად, იმარჯვებენ მემარცხენე მთავრობები, რადგან „მედიანური“ ამომრჩევლების დიდ არმიას მიეკუთვნება ე.წ. უბილეთო მგზავრები, რომლებიც ხელისუფლებისგან მოითხოვენ უფასოდ დამზადებული ნივთების უსასრულოდ გაზრდას იმ იმედით, რომ შესაბამის საფასურს სხვა გადაიხდის მათ მაგივრად.

დაკვირვებები ცხადყოფს, რომ საინტერესო ფენომენს აქვს ადგილი დემოკრატიულ სისტემებში. პოლიტიკური სისტემა ასეთ სისტემებში ეფუძნება ორპარტიულობის პრინციპს მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეზღუდვა პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე არ არსებობს. ციფრი ორი არის ბუნებრივი წონასწორული რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისთვის. მაგალითად, როდესაც ორი, მემარცხენე და მემარჯვენე პარტია იბრძვის მედიანური ამომრჩევლის გულის მოსაგებად და ამ სიტუაციაში აღმოცენდება მესამე პარტია, რომელიც დაეფუძნება ამ ორს შორის რომელიმე იდეოლოგიას, არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანდება მსგავსი ფასეულობების მიმწოდებელ პარტიასთან (შექმნის კოალიციას), ან მსგავს პლატფორმაზე მდგომი პარტიებიდან ერთ-ერთი დატოვებს პოლიტიკური ბრძოლის ველს.

მაშასადამე, იმ დაშვებითაც კი, რომ უმრავლესობის პრინციპი რეალურად უზრუნველყოფს ამომრჩევლთა საერთო მოთხოვნილებების წარმოჩენას, საერთო გადაწყვეტილება განსხვავებულია იმისგან, თუ რა არჩევანს აკეთებს ცალკე აღებული ადამიანი. გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ იგი უფრო მეტად გამოხატავს უმეტესი ადამიანის სურვილს, ვიდრე ეწინააღმდეგება. როდესაც თავისუფალ ბაზარზე ადამიანი აკეთებს არჩევანს, იგი იღებს იმას, რაც მას სურს და იხდის ამაში ფასს არსებული შემოსავლიდან გამომდინარე. ხოლო როდესაც ამომრჩეველი აძლევს ხმას პოლიტიკურ პარტიას, მის არჩევანში არ ხვდება ყველაფერი ის, რაც მას სურს რომ ჰქონდეს.

მაგალითად, ერთ ამომრჩეველს უნდა, რომ გზები იყოს საზოგადოებრივ საკუთრებაში, მაგრამ უმაღლესი განათლება – კერძო საკუთრებაში. თუმცა, იგი იძულებულია ხმა მისცეს იმ პოლიტიკურ კანდიდატს, რომელიც გზებსაც და უმაღლეს განათლებას საზოგადოებრივ სიკეთედ მოიაზრებს, რადგან ანგარიშს უწევს მედიანურ (გასაშუალოებულ) ამომრჩეველს, რომლის ხმაც უმრავლესობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტია. ამდენად, უმრავლესობის პრინციპი ეფუძნება მედიანური ამომრჩევლის მოდელს. თუმცა, ეს მოდელი არ არის იდეალური და ვერ ცვლის თავისუფალ ბაზარს, რადგან აღნიშნულ მოსაზრებათა გამო, სავარაუდოდ, ბაზრის ხარვეზები ვერ გამოსწორდება. თუმცა, იმ დაშვებითაც კი, რომ მოდელი უნივერსალურია, იგი წმინდად თეორიულია და პრაქტიკულად განუხორციელებელი, რადგან სინამდვილეში, მედიანურ ამომრჩეველს არ აქვს გადამწყვეტი ხმა საერთო არჩევანის გაკეთების დროს, მთელი რიგი მიზეზების გამო. კერძოდ,

ციკლური უმრავლესობა – განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს ორზე მეტ საზოგადოებრივ პროდუქტს შორის. დავუშვათ, 3 ამომრჩეველს შორის, პირველის პრეფერენციას პრიორიტეტულად წარმოადგენს შემდეგი: A, B, C. მეორე ამომრჩევლისთვის – B, A, C და მესამე ამომრჩევლისთვის – C, A, B. პირველი და მეორე ამომრჩეველი თანხმდება B-ზე (გასაშუალოებული შედეგი), მეორე და მესამე ამომრჩეველი თანხმდება A-ზე. შესაბამისად, მედიანურ ამომრჩეველს ამ სიტუაციაში არა აქვს გადამწყვეტი ხმა, რადგან პირველი და მესამე ამომრჩეველი შეიძლება შეთანხმდნენ C-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მემარჯვენე ორიენტაციის მქონე ადამიანის არჩევანი შესაძლებელია შეჩერდეს მემარცხენე ფასეულობის პოლიტიკურ პარტიაზე და პირიქით. წარმოიქმნება ე.წ. ციკლური უმრავლესობა, რომლის შედეგიც არის ის, რომ არჩეული პოლიტიკური პარტია სულაც არ შეესაბამება უმრავლესობის განზოგადებულ მოთხოვნილებებს.

მაგალითად, 1976 წელს, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი რესპუბლიკური პარტიისგან ითხოვდა მის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას, რადგან მიაჩნდა, რომ შეეძლო ჯიმი კარტერის დამარცხება. ფორდმა მოუგო რეიგანს პრაიმერის არჩევნები, თუმცა დამარცხდა კარტერთან ბრძოლაში. 1980 წელს კი რეიგანმა კარტერი დაამარცხა. რეიგანი დამარცხდა ფორდთან, ფორდი – კარტერთან, ხოლო კარტერი – რეიგანთან. მემარჯვენე ამომრჩეველს ფორდი რეიგანს ერჩივნა, მაგრამ რეიგანს ხმა მისცა მემარცხენე ამომრჩევლის ნაწილმაც. ბუნებრივია, ბევრი რამ მოხდა 1976-1980 წლების პერიოდში. შესაძლოა, რეიგანსაც ვერ დაემარცხებინა კარტერი 1976 წელს, ისევე, როგორც ფორდსაც შეეძლო დაემარცხებინა კარტერი 1980 წელს, მაგრამ აღნიშნული მაგალითის მთავარი მიზანი არის იმ ეფექტის ჩვენება, რომ პრაიმერის არჩევნებმა მთავარ შედეგზე შესაძლოა იქონიოს გავლენა იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური პრეფერენციები ატარებს ციკლურ ხასიათს. ეს არის უმრავლესობის პრინციპის შინაარსი.

ასე წარმოიქმნება საზოგადოებრივი სექტორის მოთხოვნა დემოკრატიულ საზოგადოებებში, რომელიც არ გულისხმობს, რომ ყველა შემთხვევაში შეესაბამება საზოგადოების უმრავლესობის ძირითად არჩევანს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არჩევნებში იმარჯვებს წინამორბედისგან განსხვავებული ფასეულობების მატარებელი პარტია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სტაბილურია და ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას. თავისუფალ ბაზარზე, ფირმების დიდი რაოდენობა, როგორც წესი, ტოვებს ბიზნესს, პოლიტიკური ბაზრისგან განსხვავებით, სადაც მთავრობის პროგრამები თითქმის არასდროს უქმდება.

ინფორმაცია და ინიციატივა – უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგებით, როდესაც ამომრჩევლისგან ვითხოვთ, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული. რეალურად, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ნამდვილად მოტივირებულია, რომ დეტალური ინფორმაცია მიიღოს გაკვეული მიმართულების პროგრამებზე, მაგრამ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი ინტერესი არ აქვს. შედეგი არის ის, რომ მათ, ვისაც კონკრეტულ საკითხების მიმართ აქვთ მეტი ინტერესი და ინფორმაცია, მეტი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა გააჩნიათ ამ საკითხებზე.

ზოგადად, ამომრჩევლებს არ აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი, რადგან ერთი ამომრჩევლის ხმა ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე ისევე, როგორც ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ ერთი ადამიანის მოსაზრებას ვინმე გაითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, ამომრჩეველი რაციონალურ იგნორირებას უკეთებს უმრავლეს პოლიტიკურ საკითხებს. ყველა ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს რჩეულს, მაგრამ ყველა ამომრჩეველი არ იყენებს ამ შესაძლებლობას. საზოგადოებრივ პოლიტიკას არ ქმნიან ამომრჩევლები, არამედ ქმნიან ადამიანები, რომლებსაც ირჩევს საზოგადოების უმრავლესობა. მოქალაქეებს უფლება აქვთ შეხვდნენ თავიანთათ რჩეულებს და მიაწოდონ სხვადასხვა ინიციატივები, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ დამკვეთებს.

თუმცა მოქალაქეთა უმრავლესობა არ იღებს მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში. ეს არჩეული წარმომადგენლები იღებენ ვალდებულებას, რომ ანგარიში გაუწიონ ამომრჩეველთა მოსაზრებებს. მაგრამ ისინი უფრო მეტად არიან ვალდებულნი იმათ წინაშე, ვინც ინვესტიციებს ახორციელებენ იმისთვის, რომ მათი პრეფერენციები სპეციალურ ინტერესებს და, მაშასადამე, კანონმდებლობის შესაბამის ნაწილებს მოერგოს. მედიანური ამომრჩევლის მოდელი აღწერს საზოგადოებრივ პოლიტიკაზე მოთხოვნის წარმოქმნის პროცესს ზოგადად არჩევნების მეშვეობით, მაგრამ საზოგადოებრივი პოლიტიკა იქმნება საკანონმდებლო სივრცეში, რაც წარმოადგენს პოლიტიკურ ბაზარს. ამდენად, იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რა არის მოთხოვნა საზოგადოებრივ პოლიტიკაზე, უნდა შევისწავლოთ ის ძალები, რომლებიც ქმნიან მოთხოვნას ასეთ ბაზარზე.

ამ თვალსაზრისით, ნათელია, რომ საზოგადოებას ნაკლები სურვილი აქვს მიიღოს ინფორმაცია პოლიტიკურ პროგრამებზე. ამომრჩევლები ინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს მათ სპეციალურ ინტერესებზე. მეტიც, სპეციალური ინტერესების მქონე ამომრჩევლები უფრო მეტად ახდენენ კანონების ლობირებას, ვიდრე ზოგადად, ერთი საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი.

აქ, ისევ უბილეთო მგზავრის პრობლემასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი იცნობს პოლიტიკური პლატფორმის ძირითად მახასიათებლებს, პროგრამის დეტალებით ბევრი არ ინტერესდება (მაგალითად, რის ხარჯზე შეძლებს უფასოდ სხვადასხვა მომსახურების მიღებას). ათასობით ადამიანი მოიძებნება, რომლებიც იზიარებენ ამა თუ იმ პლატფორმის ძირითად მახასიათებლებს. თუმცა, რადგან ერთი ამომრჩევლის ხმა გავლენას ვერ ახდენს არჩევნების შედეგზე, საკუთარ ხმას ანდობს სხვას იმ იმედით, რომ სხვა მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არ გააჩნია ინტერესი, ჩაუღრმავდეს დეტალებს.

ამის საწინააღმდეგოდ, იმათ, ვინც კონკრეტულ სარგებელს ელის, სპეციალური ინტერესი აქვთ სპეციფიკური პოლიტიკური პროგრამების მიმართ. მაგალითად, ამომრჩევლებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამარჯვებული პოლიტიკური პარტია მიზნად ისახავდა ყურძნის ფერმერების სუბსიდირებას. თუმცა, შეუძლებელია, რომ ყურძნის ფერმერებს ეს არ სცოდნოდათ. საქმე ის არის, რომ პროგრამა, რომელიც გულისხმობს ფერმერებისთვის მილიონობით ლარის მიცემას, ამომრჩეველს უჯდება უმნიშვნელო რაოდენობის თანხა, რომელიც მან უნდა გაიღოს დამატებითი გადასახადის სახით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამომრჩეველი დაინტერესდება და გაერკვევა პროგრამის დეტალებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეეცდება პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას, რადგან იმ დაშვებითაც კი, რომ ის ამას მოახერხებს, დაზოგავს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის თანხას. რამდენად ღირს ამად ასეთი ძალისხმევა?

ყურძნის ფერმერები კი ნამდვილად გაანალიზებენ სუბსიდიის შედეგებს ბაზარზე, რადგან თითოეული მოქალაქისგან გადასახადის სახით აკრეფილი უმნიშვნელო რაოდენობის ლარი, მთლიანობაში, დარგისთვის შეადგენს მილიონობით ლარს. ამდენად, დაინტერესებული მხარე არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და შესაბამის პოლიტიკურ კამპანიასაც სიამოვნებით დააფინანსებს. შესაბამისად, ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ინტერესი, ახდენს უმრავლესი პოლიტიკური პროგრამის რაციონალურ უგულებელყოფას (იგნორირებას), თუმცა, მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკურ კანდიდატს მაშინ, თუ პროგრამის ნაწილი უზრუნველყოფს მისი სპეციალური ინტერესის დაკმაყოფილებას.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პროგრამები უფრო მეტადაა მორგებული ადამიანთა ჯგუფის სპეციფიკურ ინტერესებზე, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ამომრჩევლისთვის საჭირო საზოგადოებრივ პროდუქტზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მაშასადამე, პოლიტიკურ ბაზარზე მცირე ლობისტური ჯგუფების პოლიტიკურ მხარდაჭერას უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ შედეგზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიანური ამომრჩევლის მოდელი არ მუშაობს.

მოთხოვნა მოკლე პერიოდის შედეგებზე – როდესაც ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია, მთავრობა ამომრჩევლებისგან იღებს პოლიტიკურ კრედიტს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ეკონომიკური ბუმის პერიოდში არჩეული მთავრობის დამსახურება. პირიქით, მთავრობას რეცესიის პერიოდში მიაწერენ ცუდ შედეგებს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მთავრობის ბრალეულობით გამოწვეული. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დეპრესია, რომელიც დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ჰუვერი იქნა არჩეული პრეზიდენტად, ბრალდება სწორედ ჰუვერის მმართველობას. ამდენად, პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტებით მოჩვენებითი მოკლევადიანი ეკონომიკური ბუმის შექმნაზე, არაფერი აქვს საერთო საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებთან. შესაბამისად, პოლიტიკოსი ორიენტირებულია მოკლე პერიოდის ეფექტზე იმისდა მიუხედავად, თუ რა არის საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის გრძელვადიანი საზოგადოებრივი ინტერესი.

ამრიგად, ვაკეთებთ რა დაშვებას, რომ თავისუფალი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს რესურსების რაციონალურ გადანაწილებას გარე ეფექტებთან, საზოგადოებრივ პროდუქტთან ან/და მონოპოლიებთან მიმართებით, რადგან ადამიანები მოქმედებენ საკუთარი და არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, საზოგადოებრივი სექტორის მართვის დემოკრატიულ პროცესში ასევე იკვეთება უამრავი ხარვეზი. ამის გამო ვერ დგინდება, თუ რას წარმოადგენს საზოგადოებრივი მოთხოვნა საზოგადოებრივ პროდუქტზე. მეტიც, წარმოიქმნება ბევრი პრობლემა, რის გამოც უმჯობესია, რომ პოლიტიკურ ბაზარს დავუტოვოთ მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის საზოგადოებრივი პროდუქტი, რადგან სასურველია, რომ ასეთი პროდუქტების უმრავლესობა იქმნებოდეს თავისუფალ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სისტემა იდეალური.

კომენტარები