თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ჰამარბერგი: წიკლაურზე თავდასხმის გამოძიება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი

www.radiotavisupleba.ge

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამარბერგი აცხადებს, რომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება ძალიან სწრაფად და საფუძვლიანად შესაძლებელია. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები საფუძვლიანად გამოიძიონ.

„როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარს ასე ეპყრობიან, ასე სასტიკად უსწორდებიან, ეს  სერიოზული შემთხვევაა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ეს   ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ამასთან,  აუცილებელია ნაადრევი დასკვნები არ გაკეთდეს. სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომელიც გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რათა დავინახოთ რომ ეს არის კარგი, სათანადო და მიუკერძოებელი გამოძიება. უნდა  გავიგოთ, რა მოხდა რეალურად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიცი რომ შეიძლება საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანის იდენტიფიცირება, რადგან მანქანის ნომრის ნაწილი დაინახეს. ასევე, მანქანამ  ახლომდებარე ქუჩებზე კამერების წინ გაიარა. ასე რომ, ამ საქმის გამოძიება შესაძლებელია ძალიან სწრაფად და  საფუძვლიანად“,-აცხადებს ჰამარბერგი.

ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ნაციონალური მოძრაობა საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

ნუგზარ წიკლაური მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, გუშინ საკუთარ სახლში დაკითხეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. 

კომენტარები