ფოკუსი

მიუნხენი 1938 - მშვიდობა „ღირსებით“

ზურაბ ჭიაბერაშვილი
0 კომენტარი

უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის ოლქის გერმანიის მიერ მიტაცება გაიხსენა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

კრემლის ასეთმა მძაფრმა საჯარო კრიტიკამ 1938 წლის „მიუნხენის შეთანხმების” მიმართ ინტერესი გაზარდა. კითხვის ნიშნებს იმდენად ის კი არ ბადებს, იქცევა და მოიქცევა თუ არა ვლადიმირ პუტინი ისევე თავხედურად, როგორც ადოლფ ჰიტლერი იქცეოდა მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში. მსოფლიოს ის უფრო აინტერესებს, დასავლეთის რეაქცია კრემლის პოლიტიკაზე იქნება თუ არა ისეთივე დამთმობი და დამყვავებელი, როგორც მესამე რაიხის მიმართ ჰქონდათ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მაშინდელ პრემიერმინისტრებს – ნევილ ჩემბერლენსა და ედუარდ დალადიეს.

ქვემოთ მოყვანილი ქრონიკა, როგორ რეაგირებდა ევროპაში მშვიდობის გარანტი გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მესამე რაიხის ქმედებებზე, ნათლად აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომამდე სიტუაცია, ერთი მხრივ, ჰიტლერის თავხედურმა მიზანსწრაფვამ, მეორე მხრივ კი, სხვა ლიდერების გაუბედაობამ მიიყვანა.

ნევილ ჩემბერლენი, ედუარდ დალადიე, ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი მიუნხენის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1938
თავდაპირველად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ძირითადად ეთნიკური გერმანელებით დასახლებული სუდეტი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წლის ოქტომბერში გახდა, როდესაც პარიზის მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა ალან დალესმა (რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი – 1953-61 წლებში) მყარად დაიცვა ჩეხური მიწების ერთიანობა ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში. იმავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მიერ ჩეხოსლოვაკიაში ვითარების ადგილზე გასაცნობად წარგზავნილი არჩიბალდ კულიჯი შესაძლებლად მიიჩნევდა, რომ ბოჰემიის ზოგიერთი გერმანულენოვანი ნაწილი გერმანიას და ავსტრიას გადასცემოდა.

1919 წლის სენ-ჟერმენის შეთანხმებით, გერმანულენოვანი ტერიტორიების ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში დარჩენა კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუმცა გერმანული სეპარატიზმი მომდევნო 20 წლის განმავლობაში ნაცარწაყრილი ნაღვერდალივით ღვიოდა.

აალება „ანშლუსმა” – ჰიტლერის მიერ 1938 წლის მარტში ავსტრიის მესამე რაიხის შემადგენლობაში შეყვანამ გამოიწვია. ავსტრიელებმა დასახმარებლად გაერთიანებულ სამეფოს მიმართეს, მაგრამ ლონდონს ბერლინში მკაცრი საპროტესტო ნოტის გაგზავნის მეტი არაფერი მოუმოქმედებია. გათამამებულმა ჰიტლერმა თვალი ჩეხოსლოვაკიას დაადგა.

1938 წლის აპრილში სუდეტელი გერმანელების ლიდერის, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრის, კონრად ჰანლაინის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას სუდეტის ავტონომიაზე ივნისში ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ, ჰანლაინისათვის მოულოდნელად, დადებითად უპასუხა, მაგრამ ჰიტლერის მიზანი სუდეტის გერმანელებზე ზრუნვა არ ყოფილა. მას მთელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია აინტერესებდა და სწორედ ამის საბაბს ეძებდა. არსებობს ჰანლაინის ბერლინში გაგზავნილ სასიხარულო პატაკზე ჰიტლერის პასუხი, რომელიც ასე იწყება: „შე იდიოტო…”

ვიდრე ჰანლაინის მოთხოვნებს დათანხმდებოდა, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ბენეშმა უარყო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის პრემიერმინისტრების „რჩევა”, რომ სუდეტი გერმანიისათვის დაეთმო.

ნევილ ჩემბერლენსა და ედუარდ დალადიეს სურდათ, რომ გერმანიასთან ომი თავიდან ნებისმიერ ფასად აეცილებინათ. ჩემბერლენი, ჰიტლერის აგრესიული ქმედებების ფონზე საკუთარი ემოქმედობა რომ გაემართლებინა, შიდა საუბრებში აცხადებდა: სუდეტელი გერმანელების მოთხოვნები სამართლიანი იყო. იგი იმედოვნებდა, რომ ჰიტლერი დასჯერდებოდა სუდეტს.

ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ბენეში ჯარისკაცებს ხვდება
ხედავდა რა ჩემბერლენისა და დალადიეს უმოქმედობას, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ბენეშმა 20 მაისს ნაწილობრივი მობილიზაციაც გამოაცხადა, რათა გერმანიის შესაძლო შეჭრას ჩეხოსლოვაკია მზად დახვედროდა.

იმავე 20 მაისს ბერლინში ჰიტლერმა თავის გენერალიტეტს ჩეხოსლოვაკიაზე შეტევის მონახაზი წარუდგინა კოდური სახელწოდებით „ოპერაცია მწვანე”. ამ შეხვედრაზე ჰიტლერმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაზე „გადავლას”, თუკი არ შეიქმნებოდა „ხელსაყრელი მომენტი” ან „ადეკვატური პოლიტიკური ვითარება”.

შეიტყო რა ბენეშის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, 30 მაისს ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის გეგმას ხელი მოაწერა. გეგმა ითვალისწინებდა, რომ ომი ჩეხოსლოვაკიასთან არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა დაწყებულიყო, რადგან უფრო გვიან დაწყების შემთხვევაში ჩეხოსლოვაკია ომისთვის უკეთ მომზადებას მოასწრებდა.

იმავდროულად, 28 მაისს ჰიტლერმა 2 საბრძოლო ხომალდის – „ბისმარკისა” და „ტირპიცის” – 1940 წლამდე აგების გეგმა გააცხადა, ასევე მოითხოვა საბრძოლო კრუიზერებზე, „შარნჰორსტსა” და „გნაიზენაუზე”, ქვემეხების რაოდენობის გაზრდა. ჰიტლერს კარგად ესმოდა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა გაერთიანებულ სამეფოსთან ფართომასშტაბიანი საზღვაო ბრძოლისათვის, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ნევილ ჩემბერლენის მსგავს პოლიტიკოსზე ეს უთუოდ იმოქმედებდა. [მკითხველს აქ უთუოდ რუსეთ-საფრანგეთის კონტრაქტი გაახსენდება „მისტრალის” ტიპის 2 სამხედრო ხომალდის აგების თაობაზე.]

ფიურერის ადიუტანტი ფრიც ვაიდემანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იხსენებდა თავის რეაქციას, როცა 1938 წლის მაისში ჰიტლერის გეგმებს ისმენდა. ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიის საკითხის „მოგვარებიდან” 3-4 წელიწადში ბრიტანეთსა და საფრანგეთზე თავდასხმას გეგმავდა.

20 ივლისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟორჟ ბონემ პარიზში ჩეხოსლოვაკიის ელჩს განუცხადა, რომ საფრანგეთი საჯაროდ მხარს დაუჭერდა მის ქვეყანას, მაგრამ სუდეტის გამო გერმანიას ომს ვერ დაუწყებდა. არადა, ჩეხოსლოვაკიასთან დადებული ხელშეკრულება საფრანგეთს სწორედ ამას ავალებდა. არსებობს პრაღაში საფრანგეთის ელჩის მიერ პარიზში გაგზავნილი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც საკუთარი მთავრობის უსუსურობით გაკვირვებული ელჩი წერს: ჩეხოსლოვაკიის მთავრობის წევრებს თვალებში ვეღარ ვუყურებ…

ნევილ ჩემბერლენი ლონდონში მიუნხენის კონფერენციის შემდეგ
აგვისტოში გერმანული პრესა გაივსო ცნობებით იმის თაობაზე, როგორ ჩაგრავდა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა სუდეტელ გერმანელებს. ასეთი პროპაგანდის მიზანი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციისათვის მხოლოდ გერმანული პუბლიკის მომზადება არ იყო. ამ „ცნობებს” დასავლეთის ლიდერები უნდა მიეხვედრებინათ, რომ ჩეხოსლოვაკიის დაცვას აზრი აღარ ჰქონდა. იმავე აგვისტოში გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან, სამხედრო წვრთნების ჩატარების მოტივით, 750,000 ჯარისკაცს მოუყარა თავი.

ხედავდა რა, რომ ჩეხოსლოვაკიის მთავრობის ივნისში გამოცხადებულმა კომპრომისმა და ჰანლაინის მოთხოვნებზე დათანხმებამ ვითარება არ განმუხტა, ჩემბერლენმა ლორდი რანსმანი გაგზავნა ჩეხოსლოვაკიაში, დაპირისპირებულ მხარეებს – ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებასა და სუდეტელ გერმანელებს – შორის ახალი კომპრომისის მოსანახად.

[ქართველ მკითხველს უთუოდ გაახსენდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, შტაინმაიერის მიმოსვლა თბილისს, მოსკოვსა და სოხუმს შორის 2008 წლის ივლისში. როგორც შტაინმაიერის დიპლომატიური ძალისხმევა ვერაფრით შეცვლიდა ვლადიმირ პუტინის გეგმებს, ასევე ვერაფერი შეცვალა ადლოფ ჰიტლერის გეგმებში ლორდი რანსმანის ვიზიტმა ჩეხოსლოვაკიაში.]

თუმცა სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტი ბენეში მზად იყო კიდევ დამატებითი დათმობებისათვის, ბერლინიდან მიღებული ინსტრუქციის თანახმად, ჰანლაინმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა. ჰიტლერს ევროპის დაჩოქება სურდა და არა სუდეტელი გერმანელების საკითხების მოლაპარაკებათა გზით მოგვარება.

12 სექტემბერს ჰიტლერმა ნიურნბერგში ნაცისტური პარტიის შეკრებაზე წარმოთქმული სიტყვა მთლიანად სუდეტის საკითხს მიუძღვნა. მიხვდა რა, რომ ვეღარაფერი შეაჩერებდა, მეორე დღეს ჩემბერლენმა მასთან შეხვედრა ითხოვა და 15 სექტემბერს ეახლა კიდეც ბერხტესგადენის რეზიდენციაში.

16 სექტემბერს ედუარდ დალადიე ლონდონში ჩავიდა. ფრანგული წყაროების მიხედვით, საფრანგეთი ყველა სცენარისათვის – მათ შორის, გერმანიასთან ომისათვის – აცხადებდა მზაობას, მაგრამ ჩემბერლენმა „დაყვავების პოლიტიკა” აირჩია.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შემდეგ. 1939
ჩეხოსლოვაკიისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიით, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა პრაღას გერმანიისათვის იმ მიწების დათმობა მოსთხოვეს, სადაც ეთნიკური გერმანელები მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენდნენ. სწორედ ეს წინადადება „გამოსტყუა”, როგორც თვითონ ეგონა, ჩემბერლენმა ჰიტლერს 15 სექტემბრის შეხვედრაზე.

იმის მიუხედავად, რომ ამ გეგმას ეწინააღმდეგებოდა ჩემბერლენისა და დალადიეს მთავრობების შიდაბრიტანული და შიდაფრანგული ოპოზიციაც, 21 სექტემბერს ჩეხოსლოვაკია იძულებული გახდა, ბრიტანულ-ფრანგულ-გერმანულ წინადადებას დათანხმებოდა.

მეორე დღესვე, ჰიტლერმა ლონდონს და პარიზს ახალი მოთხოვნა წაუყენა, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთის გერმანულენოვანი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

22 სექტემბერს ჩემბერლენი ჰიტლერთან კიოლნში ჩავიდა და, მშვიდობის შენარჩუნების სანაცვლოდ, თანხმობა მისცა, გერმანიას მთელი სუდეტი წაეღო. ჰიტლერისათვის ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა და ბრიტანელ პრემიერს განუცხადა, რომ ჩეხოსლოვაკია უნდა დაშლილიყო და გერმანიას, პოლონეთსა და უნგრეთს შორის გადანაწილებულიყო.

ნირწამხდარი ჩემბერლენი სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც ჰიტლერმა დაურეკა და მხოლოდ სუდეტის მიერთებაზე თანხმობა უთხრა იმ პირობით, რომ ჩეხოსლოვაკიის ჯარებს გერმანულენოვანი მიწებიდან ევაკუაცია 26 სექტემბრისათვის უნდა დაესრულებინათ. საბოლოოდ, ჰიტლერმა ჩემბერლენს იმაში „დაუთმო”, რომ ევაკუაციის დრო 1 ოქტომბრამდე – როდესაც ოპერაცია „მწვანე” უნდა დაწყებულიყო – გადასწია.

ასეთ მოკლე დროში ჩეხოსლოვაკიის ჯარების სუდეტიდან გასვლა სამხედრო თვალსაზრისით პრაქტიკულად დაუცველს ხდიდა მთელ ჩეხოსლოვაკიას, რომელიც იყო კიდეც ჰიტლერის მთავარი სამიზნე.

ნაცისტური ელიტა ავსტრიის მესამე რაიხის შემადგენლობაში შეყვანას მიესალმება

23 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. არმია მზად იყო ქვეყნის დასაცავად, რომელსაც სასაზღვრო ფორტიფიკაციების თანამედროვე და ძლიერი ზღუდე ჰქონდა. საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიის დასაცავად მზადყოფნას აცხადებდა. მაგრამ პრეზიდენტმა ბენეშმა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მხარდაჭერის გარეშე ომის დაწყება ვერ გაბედა.

24 სექტემბერს, პრაღის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის საპასუხოდ, ჰიტლერმა „გოდესბერგის მემორანდუმით” ცნობილი ულტიმატუმი წაუყენა ჩეხოსლოვაკიას და 28 სექტემბრის დღის 2 საათამდე მისცა ვადა, სუდეტი დაეტოვებინა. სხვაგვარად, გერმანია სუდეტს სამხედრო ძალის გამოყენებით წაიღებდა.

26 სექტემბერს ჩემბერლენმა ჰიტლერს პირადი წერილი გაუგზავნა და ომის თავიდან აცილება სთხოვა. იმავე საღამოს, ბერლინში, სპორტის სასახლეში გამოსვლისას, ჰიტლერმა ულტიმატუმი და მისი ვადა უცვლელი დატოვა.

ჩემბერლენმა დახმარებისათვის ჰიტლერის თანამოაზრეს, იტალიის დიქტატორს, ბენიტო მუსოლინის მიმართა. 28 სექტემბრის დილის 10 საათზე, ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე 4 საათით ადრე, ბრიტანეთის ელჩმა რომში, ლორდმა პერტმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ითხოვა სასწრაფო შეხვედრა და განუცხადა, რომ ჩემბერლენი მოლაპარაკებათა პროცესში მუსოლინის ჩართვას და ულტიმატუმის გადავადებაზე ჰიტლერის დაყოლიებას ითხოვდა.

11 საათზე, როდესაც ბერლინში საფრანგეთის ელჩს ესაუბრებოდა, ჰიტლერმა პარალელურად იტალიის ელჩს ტელეფონზე უპასუხა და მუსოლინის დანაბარები მოისმინა: რაც უნდა მოხდეს, ფიურერის მხარეს ვიქნები, მაგრამ 24 საათი მომცეს. ფრანგმა ელჩმა თავისი ყურით მოისმინა ჰიტლერის ცინიკური თანხმობა: რა პრობლემაა, სუდეტში შეჭრა ისედაც 1 ოქტომბერს მაქვს ნაბრძანები.

ვლადიმირ პუტინი ეროვნულ კრებას ყირიმის რუსეთთან მიერთებას ამცნობს ფოტო: Alexey Druzhinin / AFP/RIA NOVOSTI
ჩემბერლენმა არათუ მადლობები შეუთვალა მუსოლინის, სუდეტის საკითხზე კონფერენციის ფორმალური ინიციატორობაც კი სთხოვა. მუსოლინი დათანხმდა, ჰიტლერმა კი ჩემბერლენთან და დალადიესთან მოლაპარაკებებში პარტნიორი შეიძინა.

შესაბამისად, მუსოლინის ფორმალური მოთხოვნით, ევროპის დიდი სახელმწიფოები 29 სექტემბერს მიუნხენში შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს „მიუნხენის შეთანხმების” სახელით ცნობილ დოკუმენტს, რომელიც შეხვედრაზე მუსოლინიმ წარადგინა, მაგრამ რეალურად ჰერმან გერინგმა მოამზადა. შეთანხმება გერმანიას სუდეტის სამხედრო ოკუპაციის 10 ოქტომბრამდე დასრულების უფლებას აძლევდა; ასევე უნდა შექმნილიყო საერთაშორისო კომისია, რომელიც სხვა სადავო ტერიტორიების საკითხს განიხილავდა.

ჩეხოსლოვაკიამ, რომელიც მიუნხენის „მოლაპარაკების” ფორმალური მონაწილე არც ყოფილა, 30 სექტემბერს საჯაროდ განაცხადა თანხმობა „მიუნხენის შეთანხმების” შესრულებაზე.

ყველამ ამოისუნთქა: გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიის სამხედრო და დაპლომატიურმა ელიტამ. ყველამ, გარდა ჰიტლერისა. მას ომი სურდა, საკუთარმა დიპლომატებმა და გენერლებმა კი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჯდომა აიძულეს. ამიტომაც იყო, რომ განუცხადათ: „მეგობრებო, ეს ჩემი პირველი საერთაშორისო კონფერენცია იყო და, დამერწმუნეთ, უკანასკნელიც”.

1960 წელს გამოცემულ კლასიკად ქცეულ წიგნში „მესამე რაიხის აღზევება და დაცემა” უილიამ შირერი წერს, რომ თუმცა ჰიტლერი არ ბლეფობდა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. როცა ჩეხოსლოვაკიის ფორტიფიკაციები მოინახულა, ჰიტლერმა გებელსს უთხრა: „ბევრი სისხლის დაღვრა მოგვიწევდა”.

მიუნხენის კონფერენციიდან მალევე, მოწინააღმდეგეების პოლიტიკური და ფსიქოლოგიური სისუსტით ფრთაშესხმულმა ჰიტლერმა განაცხადა: „მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ქოლგიანი პოლიტიკოსები არ გვყავს” და ამით საჯაროდ დასცინა ნევილ ჩემბერლენს, რომლისთვისაც ქოლგის ტარება სამარკო ნიშნად ქცეულიყო.

თავად ჩემბერლენი გარეგნულად ბედნიერი იყო, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე დაკარგული ჰქონდა. მიუნხენშივე, როდესაც სუდეტის საკითხი „მოაგვარა”, ჰიტლერს კიდევ ერთხელ მიადგა და გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა სთხოვა. ჰიტლერი არც დაფიქრებულა, ისე მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, რადგან უკვე იცოდა, რომ მოწინააღმდეგეების ასეთი უსუსური ქცევის ფონზე, ნებისმიერი შეთანხმება და ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ფურცელი იყო.

სუდეტელები ნაცისტურ ჯარებს ესალმებიან. 1938
ჩემბერლენი, შესაძლოა, გრძნობდა კიდეც, რომ ლონდონში ფარატინა ფურცელი ჩაჰქონდა, მაგრამ ბრიტანელებისთვის რაღაც იმაზე მეტი უნდა ჩაეტანა, ვიდრე სუდეტის „გაყიდვა” იყო. გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება მის მისიას გმირულ ელფერს სძენდა.

30 სექტემბერს ლონდონში ჩასულმა ჩემბერლენმა თავისი ცნობილი სიტყვა „ჩვენი დროის მშვიდობა” წარმოთქვა: „ჩემო მეგობრებო, მეორედ [პირველში იგულისხმება ბენჯამინ დიზრაელი, როდესაც იგი 1878 წელს ბერლინის კონგრესიდან დაბრუნდა – ზ.ჭ.] თანამედროვე ისტორიაში, ბრიტანელმა პრემიერმინისტრმა გერმანიიდან მშვიდობა ჩამოიტანა, ღირსებასთან ერთად. მჯერა, ეს ჩვენი დროის მშვიდობაა”.

3 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ „მიუნხენის შეთანხმება” განიხილა. ცნობილია უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, რომლებიც მან ამ განხილვისას წარმოთქვა: „ინგლისს ჰქონდა არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. მან სირცხვილი აირჩია, ამიტომ მიიღებს ომსაც”.

ამ დებატებში ჩერჩილმა ზუსტად ივარაუდა, რომ არათუ წლები, არამედ სულ რამდენიმე თვე დასჭირდებოდა იმის დანახვას, რომ მიუნხენი ტოტალური მარცხი იყო ევროპისათვის და რომ გერმანია ჩეხოსლოვაკიას მთლიანად დაიპყრობდა. „არ იფიქროთ, რომ ეს დასასრულია. ეს მხოლოდ ანგარიშსწორების დასაწყისია”, – განაცხადა ჩერჩილმა.

როგორც კი ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ატლიმ ჩემბერლენის კრიტიკა დაიწყეს, ჩემბერლენის თანამოაზრეებმა „ჰიტლერისადმი დაყვავების პოლიტიკის” გამართლება იმით სცადეს, რომ ომისათვის საფრანგეთის მოუმზადებლობაზე ალაპარაკდნენ.

ჩემბერლენისაგან განსხვავებით, ედუარდ დალადიე გაცილებით რეალისტურად აფასებდა ჰიტლერის ზრახვებს. 1938 წლის აპრილში იგი ჩემბერლენს უხსნის: „დღეს რიგში ჩეხოსლოვაკიაა. ხვალ პოლონეთისა და რუმინეთის ჯერი დადგება. როცა საკმარის ნავთობსა და ფქვილს დაიბევებს, გერმანია დასავლეთისკენ შემობრუნდება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ომი. მაგრამ ამას ვერ შევძლებთ, თუკი გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ერთად არ დადგებიან არა მხოლოდ პრაღისგან ახალი დათმობების მიღებაში, არამედ ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობის დაცვაშიც. თუ დასავლეთის სახელმწიფოები [ჰიტლერს] დაუთმობენ, ისინი მხოლოდ დააჩქარებენ იმ ომს, რომლის თავიდან აცილებაც უნდათ”. მიუნხენიდან დაბრუნებულმა დალადიემ, რომელსაც პარიზი აღტაცებით შეხვდა, ჩაილაპარაკა: „სულელები…”

სევასტოპოლში რუს სამხედროებს ეგებებიან. 2014
[არსებობდა გერმანიასთან ომის მიზანშეუწონლობის მეორე, ვითომდა მორალური, სინამდვილეში კი საოცრად ცინიკური არგუმენტი. ეს არგუმენტი თავისი შინაარსით იმეორებს პუტინის მიერ ნაყიდი დასავლელი მკვლევრების შემდეგ არგუმენტს: საბჭოთა კავშირის დაშლა ტრავმა იყო რუსი ხალხისთვის. 1990-იან წლებში მათ დასავლეთისგან არაერთი დარტყმა მიიღეს – მაგალითად, NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების სახით ან ბალკანეთის მოვლენებზე დასავლეთის რეაგირებით – იმის ნაცვლად, რომ სრულფასოვან პარტნიორებად ეგრძნოთ თავი. პუტინის ქმედება პასუხია იმ დამცირებაზე, რაც რუსმა ხალხმა 1990-იან წლებში იწვნია.

1930-იან წლებში ეს არგუმენტი ასე ჟღერდა: პირველ მსოფლიო ომში დამარცხებით გერმანელმა ხალხმა უზარმაზარი ტრავმა მიიღო. იმის ნაცვლად, რომ სრულფასოვან პარტნიორად ეღიარებინათ, გერმანიას სრულფასოვანი ჯარის ყოლის უფლებაც კი წაერთვა. ჰიტლერის ქმედება პასუხია იმ დამცირებაზე, რაც გერმანელმა ხალხმა 1920-იან წლებში იწვნია.]

გერმანიამ სუდეტი 1-10 ოქტომბრის პერიოდში „გადაიბარა”, მაგრამ ამით ჰიტლერის მადა არ დაკმაყოფილებულა. 1939 წლის მარტში გერმანია ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა და მისი ნაწილი პირდაპირ შეიერთა, დარჩენილი ნაწილი კი ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატად გარდაქმნა.

მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, ჩემბერლენმა ბრიტანული არმიის შეიარაღება და აღჭურვა გააგრძელა, ოღონდ რაც შეიძლება მალულად, რომ ჰიტლერს არ ეფიქრა, რომ ჩემბერლენს „მიუნხენის შეთანხმების” დარღვევა ედო გულში. ამიტომაც იყო, რომ 1938 წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრი არ დათანხმდა მოწოდებას, ქვეყნის მრეწველობა სამხედრო რელსებზე გადაეყვანა.

1939 წლის მარტამდეც კი, როცა გერმანიამ ჩეხოსლოვაკია ხორცის ნაჭერივით დაანაწევრა, არათუ საზოგადოებრივი აზრი ლონდონში, არამედ მისივე კაბინეტის წევრებიც კი – საგარეო საქმეთა მდივნის, ლორდი ჰალიფაქსის მეთაურობით – განუდგნენ ჩემბერლენის „დაყვავების პოლიტიკას”.

ამ ფონზე, 31 მარტს ჩემბერლენმა თემთა პალატას დასამტკიცებლად წარუდგინა გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებულ სამეფოს (საფრანგეთთან ერთად) უსაფრთხოების გარანტიები მიეცა პოლონეთისთვის. ამის გამო მთავრობა ჩერჩილმაც შეაქო. 7 აპრილს იტალიის ალბანეთში შეჭრის შემდეგ, ანალოგიური გარანტიები საბერძნეთსა და რუმინეთზე გავრცელდა.

მაგრამ უკვე გვიან იყო.

ნაცისტური აღლუმი ვარშავაში. 1939
„მიუნხენის შეთანხმების” ეფექტი ყველაფერში იგრძნობოდა. ჯერ ერთი, ამ შეთანხმებამ შეუნარჩუნა ჰიტლერს პოზიციები საკუთარ ქვეყანაში. შიშობდნენ რა, რომ ბრიტანეთ-საფრანგეთთან ომის შემთხვევაში გერმანიას გარდაუვალი დამარცხება ელოდა, გენერალიტეტმა (გაერთიანებული შტაბების ჰიტლერის გეგმების გამო პროტესტის ნიშნად გადამდგარი უფროსი, გენერალი ლუდვიგ ბეკი, მოქმედი უფროსი, გენერალი ფრანც ჰალდერი, დაზვერვის უფროსი, ადმირალი ვილჰელმ კანარისი და ბერლინის პოლიციის უფროსი გრაფ ფონ ჰედორფი) ჩემბერლენს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომ თუ ოპერაცია „მწვანეს” დაიწყებდა, ჰიტლერს დააპატიმრებდნენ. მაგრამ ჩემბერლენი იმდენად იყო დაშინებული, რომ ეს ცნობა სერიოზულად არ მიიღო. შესაბამისად, „მიუნხენის შეთანხმებამ” ჰიტლერი სამხედრო ელიტასთან ჯახისგან იხსნა.

იმავდროულად, სტალინმა დაინახა: თუ ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხმებოდა თავს, დასავლელი ლიდერები უმალ საბჭოთა კავშირის დაშლას და გერმანიასთან საბჭოთა მიწების გადანაწილებას დათანხმდებოდნენ, ვიდრე ჰიტლერთან ომს. შედეგად, სტალინმა თავად გააფორმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჰიტლერთან 1939 წელს და ამით, როგორც მინიმუმ, დრო მოიგო.

იმის გამო, რომ სტალინთან იდეოლოგიური სხვაობა ჰქონდა, ჩემბერლენი გაურბოდა საბჭოთა კავშირთან სამხედრო ალიანსს. მართალია, მოსკოვთან მოლაპარაკებებში მაინც შევიდა, საგარეო მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვთან მხოლოდ დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა. მოლაპარაკებებმა რამდენიმე თვე გასტანა და 1939 წლის 14 აგვისტოს უშედეგოდ დასრულდა, რადგან პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს მათ ტერიტორიებზე საბჭოთა ჯარების განლაგებაზე.

ამ მოლაპარაკებების ჩაშლიდან ერთი კვირის თავზე საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დადეს, რომელიც მათ შორის პოლონეთის გაყოფას ითვალისწინებდა, თუკი ომი დაიწყებოდა.

ჩემბერლენმა, რომელსაც მანამდეც აფრთხილებდნენ მესამე რაიხისა და „წითლების” დაახლოების შესახებ, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე საუბრისას საჯაროდ განაცხადა, რომ პაქტი არანაირად არ ცვლიდა ბრიტანეთის მიერ პოლონეთისათვის მიცემულ გარანტიებს. ეს ჩემბერლენმა ჰიტლერს წერილობითაც აცნობა 23 აგვისტოს.

პასუხად, ჰიტლერმა თავის გენერალიტეტს პოლონეთში შეჭრისათვის მომზადება უბრძანა და დააყოლა: „ჩვენი მტრები პატარა ჭიანჭველები არიან. მე ვნახე ისინი. მიუნხენში”.

1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანიის პოლონეთში შეჭრით, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები