დასაქმების პროგრამა

სტურუა: ენმ-ის წარმოდგენილი მონაცემები სამუშაოს მაძიებლებზე, ძველია

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ სამუშაოს მხოლოდ 3 984 მაძიებელი აღწერა, ძველ მონაცემებს ეყრდნობა და დასაქმების მსურველთა ეს რაოდენობა თებერვალში ფიქსირდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის თეა სტურუას თქმით, ამ დროისთვის, სისტემაში სამსახურის 7 800 მაძიებელია დაფიქსირებული, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში გამოითხოვა.

"ალბათ, იყო დრო, როდესაც ეს რეგისტრირებული რიცხვი ნამდვილად იყო და როცა გამოითხოვეს ეს ინფორმაცია, ალბათ, იმ დროისთვის ეს რიცხვი იყო. დღეს მინდა მოგახსენოთ, რომ სისტემაში რეგისტრირებულია სამუშაოს 7 800 მაძიებელი. სისტემა გახლავთ Online მოხმარების პროდუქტი და რეგისტრაცია აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პროცესია. ამ 7 800 ადამიანში გამოიკვეთა პროფესიული მომზადების და გადამზადების მსურველები და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 800 000 ლარი, რომელიც წელს უნდა მოხმარდეს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები, 69 რაიონული ოფისი მზად არის, რომ სამუშაოს მაძიებლებს გაუწიოს ჯგუფური კონსულტაციები, რათა შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს სამუშაოს მოძიების ტექნიკის სხვადასხვა მიმართულებები", - განაცხადა სტურუამ.

ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, 2013 წლის 25 დეკემბრიდან 2014 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა საქართველოს 16 ქალაქში, 1 975-ს არ აღემატება. ხოლო ჯამში, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში სამუშაოს 3 984 მაძიებელი დარეგისტრირდა.

კომენტარები