53-ე სკოლა

სანიკიძე: 53-ე სკოლაში პროცესები ნორმალურად არ მიმდინარეობს

განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მშობლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მათ თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და პედაგოგთა ნაწილი აქციების ჩატარებას სთხოვენ. მინისტრის თქმით, ეს დაუშვებელია და სამინისტრო ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ  გაკვეთილების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას. 

"სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია. შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ, პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და, სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი, ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო რეკავდნენ შეწუხებული მშობლები, რომ მათ სთხოვენ, გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩაში. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მასწავლებელი შევიყვანოთ გაკვეთილზე, ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

დღეს დილით, თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. ისინი ახლადდანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

რამდენიმე დღეა, 53-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის დირექტორის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გენინსპექცია 53-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოქალაქის წერილის საფუძველზე, მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა და სამუშაო 14 მარტს დაასრულა. 

კომენტარები