ტურისტული სეზონი

უგულავა: აჭარაში შეჩერებული პროექტების გამო, ტურისტული სეზონი ჩავარდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, აჭარაში შეჩერებული პროექტების გამო, 2013-2014 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდა გოდერძის უღელტეხილზე, გომარდულსა და ქედლებში. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აჭარაში შეჩერებულ პროექტებზე გიგი უგულავამ დღეს, ბათუმში ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ათიათასობით აჭარელი დასაქმდებოდა, ხოლო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ობიექტები აშენდებოდა. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

"ეს პროექტებია: ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედანი, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმის სანაპირო ზოლში, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბათუმის შემოვლითი გზა და ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა ჭაობის დასახლებაში და იქ ახალი ასფალტის საფარის დაგება. შეჩერდა „ROAYL CARIBBEAN“-ისა და ქართული მხარის ერთობლივი პროექტი, რაც ბათუმის საზღვაო აკვატორიის გაფართოებასა და ტურისტული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა, ასევე „ტრამპ თაუერისა“ და იახტ კლუბის მშენებლობა, ბათუმი-ადიგენის საგზაო მაგისტრალი და გოდერძის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობა, “Goderdzi Resort“-ის მშენებლობა, ახალი სასტუმროებისა და საბაგირო გონდოლების მონტაჟი", - განაცხადა უგულავამ ბათუმში.

კომენტარები