ჩვენ ვირჩევთ ევროპას

კახა კუკავა NATO-სა და ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას” დღესაც ეწინააღმდეგება

0 კომენტარი

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერ კახა კუკავას, რომელმაც აქცია-კონცერტ ”ჩვენ ვირჩევთ ევროპას” ფარგლებში, მიმართვის გავრცელების სურვილი გამოთქვა, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა ”თეორემაში” ავტორმა ჰკითხა, შეიცვალა თუ არა მან პოზიცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაზეც კუკავამ უპასუხა, რომ არა.

”არ მგონია, რომ ევროპული ფასეულობების ნაწილი იყოს NATO-ში გაწევრიანება. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა არ არის ნატოს წევრი” - განაცხადა კუკავამ.

გადაცემის ავტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვაზე, რამდენად ჯდება ევროპულ ფასეულობებში 2012 წლის მისი საარჩევნო კლიპის მთავარი ლოზუნგები, რომლითაც კუკავა ამომრჩეველს ჰპირდებოდა, ავტორის სიტყვებით - ”პუტინის პროპაგანდის მსგავსად” გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” სახელით და ასევე ”სექტების ზღვარგადასული პროპაგანდის” აკრძალვას, კუკავამ უპასუხა:

”თქვენ ალბათ გგონიათ ქალბატონო თამარ, რომ ეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა მარტო რუსეთში არის აკრძალული და პუტინმა აკრძალა, ხოლო მთელ დანარჩენ მსოფლიოში ის წახალისებულია” - განაცხადა კუკავამ.

კითხვაზე, კონკრეტულად რას აკრძალავს კუკავა ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” სახელის ქვეშ, პოლიტიკოსმა უპასუხა:

”საერთოდ ნებისმიერი უფლება რომელიც არსებობს და გარანტირებული არის კონსტიტუციით, არის შეზღუდული და არსებობს უფლებათა შორის ბალანსის ცნება. და ნებისმიერი კონსტიტუციური უფლება შეზღუდულია სამართლებრივი რეგულაციებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გეი აღლუმები და სხვა ფორმით ჰომოსექსუალიზმის, როგორც თქვენ უწოდებთ გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს შეზღუდული, რაც არ ნიშნავს აკრძალვას” - განაცხადა კუკავამ.

გადაცემის ავტორის კითხვას, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაშია ”ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” აკრძალული კუკავამ ვერ უპასუხა, მისი თქმით, ევროპა არ არის საბჭოთა კავშირი, რომ მისგან დირექტივები მივიღოთ. მისი თქმით, თუ ვინმე უწევს მარგინალიზაციას საქართველოში ევროპულ ორიენტაციას, ეს არის ტელეკომპანია ტაბულა და ნაციონალური მოძრაობა. ”ევროპა ეს არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა - ამაზე უკეთეს დისკრედიტაციას თქვენ ქართული საზოგადოებისთვის ვერ მოიფიქრებთ” - განაცხადა კუკავამ.

კუკავამ ასევე განაცხადა, რომ "პროზელიტიზმი" შეზღუდული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლის ერეკლე ურუშაძის განცხადებით, აქცია-კონცერტის "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" მიღწევა იქნება, თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე არ ემხრობოდნენ ევროპაში ინტეგრაციას, ახლა მხარს დაუჭერენ. როგორც ურუშაძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, "მე ბატონი კუკავას ნაცვლად ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ კი, კახა კუკავამ გადათქვა და შეცვალა თავისი მოსაზრებები, ის ვთქვათ, მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, რატომაც არა".

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავისუფალი საქართველოს ლიდერმა თავად გამოთქვა სურვილი ვიდეომიმართვის გავრცელების და არ იქნებოდა სწორი, თუ კახა კუკავას ამაზე უარს ეტყოდნენ.

"რადგანაც გადაწყდა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი ყოფილიყო ამ ვიდეოებში და ხაზს ვუსვამ იმას, რომ პოლიტიკოსების მონაწილეობით ვიდეოები ინტერნეტში განთავსდება და პოლიტიკოსები არ გამოვლენ უშუალოდ აქციაზე. რადგანაც სხვა პოლიტიკოსები გამოდიოდნენ სიტყვით, გადავწყვიტეთ, რომ არ იქნებოდა სწორი თუ კი ბატონ კუკავას უარს ვეტყოდით ანალოგიური ვიდეოს ჩაწერაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს პოლიტიკოსის წარსულის შეფასება. მე ბატონი კუკავას ნაცვლად ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ კი კუკავამ გადათქვა და შეცვალა თავისი მოსაზრებები, ის ვთქვათ, მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, რატომაც არა. ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევა იქნება ამ აქციის, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე მხარს არ უჭერდნენ ინტეგრაციას, ახლა ემხრობიან" - თქვა ურუშაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები