სერგეი ბეზრუკოვის გასტროლი

კულტურის პალატა ბეზრუკოვის სპექტაკლის გაუქმების გადაწყვეტილებას არ შეცვლის

საქართველოს კულტურის პალატა რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თბილისში დაგეგმილი სპექტაკლის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი იმ საჯარო მიმართვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე მსახიობი და მომღერალი ბეზრუკოვის ტურნეს აღდგენას ითხოვენ.

"კულტურის პალატამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით. თუ ვინმეს უნდა ბეზრუკოვის ჩამოყვანა, ჩამოიყვანონ, მაგრამ კულტურის პალატა არ ჩამოიყვანს", - თქვა ოქიტაშვილმა ტაბულასთან საუბარში და აღნიშნა, რომ კულტურის პალატისადმი მიმართვის ერთ-ერთმა ხელმომწერმა რეჟისორმა ერეკლე ბადურაშვილმა ხელმოწერა უკან წაიღო.

"ასე თქვა, არ ვიცოდი, რომ ბეზრუკოვმა რუსეთის პუტინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელიო. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა, როდესაც ადამიანი რაღაცაზე აწერს ხელს, ინფორმირებული უნდა იყოს. მე ქართველ ერს არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას და საქართველოში არ ჩამოვიყვან ისეთ ადამიანს, ვინც აგრესორს მხარს უჭერს", - განაცხადა ოქიტაშვილმა და აღნიშნა, რომ ბეზრუკოვის თბილისში ჩამოყვანა რუსეთის და პუტინის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩადენილი ქმედებებისთვის ტაშის დაკვრას ნიშნავს. მან რუსულ მედიას მოუწოდა, რამდენიმე ადამიანის აზრს მთელ საქართველოსთან ნუ გააიგივებს.

"გაითვალისწინონ, რომ ჩვენ არავის არაფერს ვეხვეწებით", - დასძენს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ადამიანმა კულტურის პალატას მიმართა, სერგეი ბეზრუკოვის მაისში თბილისში დაგეგმილი ტურნეს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს. მიმართვას ხელს აწერენ მამუკა ჩარკვიანი, გიორგი კორკოტაშვილი, გიორგი გურგულია, ზურაბ ყიფშიძე, დავით ნეფარიძე და დავით ბახტაძე.

"მოვუწოდებთ კულტურის პალატას, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას სერგეი ბეზრუკოვის გასტროლთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას არ გადახედავენ, მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, იმოქმედოს საქართველოს ინტერესების და სხვა თუ არაფერი, ქართველი თეატრის მოყვარულთა სასიკეთოდ", - ნათქვამია მიმართვაში.

მომღერალ გია კორკოტაშვილის განცხადებით, "სერგეი ბეზრუკოვის ან ნებისმიერი ხელოვანის ჩამოსვლა, პოლიტიკაში არ უნდა გადავხლართოთ, ბეზრუკოვი არ არის არც ჯაშუში და არც აგენტი". კორკოტაშვილის თქმით, "არსებობს ცნება სახალხო დიპლომატია, რომელმაც შეიძლება გაყინული აისბერგი დაათბოს ორ ქვეყანას შორის".

საქართველოს კულტურის პალატამ სერგეი ბეზრუკოვის სპექტაკლი ყირიმში ვლადიმერ პუტინის ქმედებების მხარდამჭერ პეტიციაზე მსახიობის ხელმოწერის გამო გააუქმა.

კომენტარები