53-ე სკოლა

53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს დირექტორის მოადგილემ შორენა გამყრელიძემ განუცხადა, გაფიცულმა პედაგოგებმა მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის აღდგენა დაგაწყვიტეს. დღეიდან, უფლებამოსილების შესრულებას დაიწყებს 53-ე სკოლის დირექტორი ეკა გახარია. 

“რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, ეს არის ის, რომ როგორც გავიგე, მოსწავლეებს აქვთ უხერხულობის განცდა, კარგად რომ არ დამხვდნენ. ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, ყველა მედიასაშუალებით, რომ შემოვიდნენ, გააგრძელონ სასწავლო პროცესი, რომ მათ არ შეექმნათ პრობლემები. მე მათ დასახმარებლად ვარ მოსული და არა პირიქით”, - განაცხადა ეკა გახარიამ, რომელიც დღეს სკოლის პედაგოგებს შეხვდება.

ცნობისთვის, 53-ე სკოლის ეზოში მოსწავლეები და პედაგოგები საპროტესტო აქციას რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდნენ. ისინი სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ. მოსწავლეები და პედაგოგები პარასკევს შეწყვეტილი აქციის დღეს განახლებას აანონსებდნენ.

სკოლის დირექტორის დათხოვნის საფუძველი სამინისტროს გენინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა. 

კომენტარები