ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

დავით ნარმანიამ მინისტრის თანამდებობა დატოვა

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა. ნარმანია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაემშვიდობა.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო თქვენი გუნდის წევრობა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ნაყოფიერი მუშაობისა და თანადგომისთვის, რომელსაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვგრძნობდი. ჩვენ ერთად გადავიტანეთ პოლიტიკური კოჰაბიტაციის პერიოდი, იყო ბევრი წინააღმდეობა და რომ არა ჩვენი ერთიანობა, ასეთი შედეგი, რაც მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში, არ გევქნებოდა“, - მიმართა ნარმანიამ მთავრობის წევრებს. მან პრემიერს 2013 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მინისტრთა კაბინეტს კი, წარმატებები უსურვა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნარმანია ხალხზე მზრუნველი მერი იქნება.

„თქვენ მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა გხვდებათ თბილისში. ბევრი პრობლემა დაგიტოვათ ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ და მჯერა, რომ ისევე ღირსეულად გაართმევთ თავს ამ პრობლემას, როგორც მინისტრად მუშაობის დროს გაართვით თავი. გისურვებთ წარმატებებს და ვიცი, რომ ღირსეული, ხალხზე მზრუნველი, მეურნე მერი იქნებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. შესაბამისი ნორმატიული აქტი თანხმობის მისაღებად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავიდა. მარგველაშვილმა არჩევნების თარიღად პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლისას ნათქვამი - 15 ივნისი განსაზღვრა.

კომენტარები