არეულობა უკრაინაში

ტურჩინოვი: აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია

ria.ru

უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რადას სხდომაზე განაცხადა. ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, მოსახლეობაში მსხვერპლის საშიშროების გამო ოპერაცია ეტაპობრივად განხორციელდება.

უკრაინული წყაროების ცნობით, პრორუსული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ ქალაქ სლავიანსკის გარშემო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ე.წ. ადგილობრივი სახალხო რაზმების მებრძოლებმა რუსულ მედიას განუცხადეს, რომ რამდენიმე ადგილას შეტაკებები მოხდა და პრორუსი აქტივისტები დაშავდნენ. დეპუტატ ლესია ორობეცის ინფორმაციით კი, უცნობმა პირებმა ათი შეიარაღებული დივერსანტი მოკლეს. თუმცა, ოფიციალური სტრუქტურები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოფიციალურად გუშინ საღამოს გასცა. სლავიანსკის ე.წ. მერი დახმარებისთვის ვლადიმირ პუტინს მიმართავს.

"ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტ პუტინს, დაგვეხმაროს. პატივცემულო მოქალაქეებო, უკანონო ხელისუფლებამ დღეს ჩვენს ქალაქში ათასობით მებრძოლი და ტანკები გამოგზავნა", - ამბობს ვიაჩესლავ პონომარიოვი.

ამჟამად დონეცკის ოლქში პრორუსული ძალების მიერ სულ 10 დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციული შენობებია დაკავებული. ქალაქ ჰორლოვკას მერიის შენობაში, რომელიც პრორუსმა აქტივისტებმა გუშინ საღამოს შტურმით აიღეს, სეპარატისტები არიან გამაგრებულები.

უკრაინის უშიშროების სამსახური კი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული დაჯგუფების მეთაურის ვინაობა გაშიფრული სატელეფონო საუბრების საშუალებით დაადგინა. ეს გრუ-ს ოფიცერი იგორ სტრელკოვია.

პარალელურად, გუშინ კიევის მაიდანზე შეკრებილმა აქტივისტებმა უკრაინის მთავრობა უმოქმედობაში და ღალატში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. აქტივისტები აქციის გაგრძელებას რადას შენობასთან დღეს გეგმავენ.

კომენტარები