პოლიტიკური რეიტინგი

ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 7%-მდე დაეცა

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 7%-მდე დაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას თქვა.

"ჭორებს ავრცელებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო სახიფათო - ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოს დატოვებას, მე მგონი, ძალიან გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია. სხვათა შორის, გუშინ გავიგე, რომ 7%-მდე დაეცა მათი რეიტინგი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადება უკვე შეაფასეს პარლამენტში. უმრავლესობის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ციფრი რეალურია და შიდა კვლევებს ეყრდნობა. უმცირესობის განცხადებით კი, დევნის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ ძალად რჩება. 

კომენტარები