არეულობა უკრაინაში

მარიუპოლში შეტაკებისას სამი პრორუსი აქტივისტი დაიღუპა

REUTERS

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკება მსხვერპლით დასრულდა. ღამით 300-მდე პრორუსი აქტივისტი სამხედრო ბაზასთან მივიდა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილს მეგაფონით დანებება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ბაზის შტურმს შეეცადნენ. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ოპერაციაში სპეცრაზმი და ვერტმფრენები ჩაერთვნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი მოკლულია, 13 დაშავდა, 60-ზე მეტი კი დაკავებულია, დანარჩენების დაკავების ოპერაცია გრძელდება.

გუშინ კი, ქალაქ კრამატორსკში შეიარაღებულმა პრორუსმა მეამბოხეებმა უკრაინელი მედესანტეები განაიარაღეს. მათ ცოცხალ ფარად ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენეს, რომელმაც მედესანტეები ალყაში მოაქცია. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამხედროები თავიანთ იარაღს დაშლიდნენ და არასაბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანდნენ. რის შემდეგაც მათ ტექნიკასთან ერთად ქალაქის დატოვების საშუალება მისცეს. მანამდე, კრამატორსკში მეამბოხეებმა უკრაინელ სამხედროებს ექვსი ჯავშანმანქანის დატოვება აიძულეს, რომლებიც მეამბოხეთა ხელში გადავიდა.

პრორუს აქტივისტებს ძირითადი ბაზა ქალაქ სლავიანსკში აქვთ მოწყობილი. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, შეიარაღებული პირები რუსეთის გრუ-ს დივერსანტები არიან. თავად მებრძოლები კი მედიას უმტკიცებენ, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ან ყირიმიდან ჩამოვიდნენ და აღჭურვილობა თავად შეიძინეს.

კომენტარები