საყდრისი

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: საბადოდან მადანი გააქვთ

news.ge

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს კომპანია RMG-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე არ უშვებს. კომიტეტის ინფორმაციით,  საყდრისის ისტორიული საბადოდან მადნის გატანა გუშინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. 

საყდრისის ტერიტორიაზე იმყოფებიან RMG-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცავები.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების განცხადებით, იმ ადგილიდან, სადაც მათ კარვები აქვთ გაშლილი, კარგად ჩანს სატვირთო ავტომანქანები, რომელებსაც სავარაუდოდ, მოპოვებული მადანი კომპანია RMG-ს საწარმოებში მიაქვთ. კომიტეტის წარმომადგენლის თორნიკე რაზმაძის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გუშინ RMG-ს ერთ-ერთ დირექტორს სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა და შეახსენა, რომ სასამართლოში გასაჩივრებულია ის აქტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ ნება დართო საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები განახლებულიყო. მისივე თქმით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, კომპანიას უფლება არ ჰქონდა საყდრისის ტერიტორიაზე მადნის მოპოვება გაეგრძელებინა.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა. 

კომენტარები