ეკონომიკა

რისკები და გამოწვევები

გია ჯანდიერი
0 კომენტარი

ჩემი მეგობრები, რომლებიც პოლიტიკურ ანალიზზე მუშაობენ, ხშირად მსაყვედურებენ, რომ ეკონომიკას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მე მგონია, რომ ყველა პოლიტიკის უკან მაინც ეკონომიკური შედეგები იგულისხმება, თუ ეს არ არის რაიმე ფანატიკური იდეა ან მისი საპასუხო მოქმედება. ჩემი ზოგი ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, მგონია, რომ იდეოლოგიური და მორალური არგუმენტები უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, ვიდრე პრაგმატული.

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საბოლოოდ ყოველთვის ეკონომიკური საკითხი რჩება. მაგალითად, როგორც არ უნდა გაბერო ეგრეთ წოდებული სოციალური ხარჯები პოლიტიკური მიზნებისთვის, ცხადია, მას აქვს სერიოზული ეკონომიკური შეზღუდულობა. პოლიტიკურად ყველაზე „სასარგებლო" და ეფექტიანი სოციალური დაცვის პროგრამები აუცილებლად შევა ჩიხში, როდესაც გადასახადების გადამხდელთა შესაძლო კონტრიბუციის ზომები პოლიტიკურ მოთხოვნებს ჩამორჩება; მთავრობა იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს და შეამციროს, ან საერთოდ შეაჩეროს გადასახადების ზრდის „საჭირო" ტემპი.

თუ მთავრობა მაინც გააგრძელებს მცდელობას, გაზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსება თუნდაც მომავალი თაობების ხარჯზე აღებული ვალებით (ეს მაინც მომავალში სხვა მთავრობამ უნდა გადაიხადოს), იგი აუცილებლად შეხვდება სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა: გადასახადების დამალვა (როგორც მაგალითად გერმანიაშია ახლა), ვალების აღების შეუძლებლობა (როგორც საბერძნეთშია), ინვესტიციების გადინება (საფრანგეთში) და მასობრივი უმუშევრობა (ესპანეთში). ამიტომ მთავრობას აუცილებლად მოუწევს იმაზე დაფიქრება, გააგრძელოს თუ არა ასეთი პოლიტიკა.

თავის დროზე, პრივატიზების პროცესი ბრიტანეთმა სწორედ ამიტომაც დაიწყო – შეუძლებელი იყო სახელმწიფო საწარმოების მუდმივი სუბსიდირება. ახალი ზელანდიის ლეიბორისტული მთავრობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მთავრობა თუ კერძო კომპანიასავით არ იმუშავებდა, ვერ შექმნიდა კონკურენტუნარიან პროდუქციას. პირველ რიგში, ეს იმ სახელმწიფო საწარმოების განკერძოებას გულისხმობდა, რომელიც მუდმივად წაგებიანი და არაეფექტიანი იყო, ისეთი, მაგალითად, როგორც ახალი ზელანდიის ფოსტა, რკინიგზა, აეროპორტები და პორტებია. ეს ქვეყანა, მისი სიშორის მიუხედავად დანარჩენი განვითარებული ერებისგან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ყველა თვალსაზრისით.

პრაგმატულ გზაზე ქვეყნის დაყენება მით უფრო მნიშვნელოვანია ღარიბი ქვეყნისთვის. როდესაც პოლიტიკოსები ასეთ ქვეყნებში საუბრობენ, რომ სწორედ ამ სიღარიბეშია აუცილებელი ადამიანების მხარდაჭერა, ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ რესურსები და ამ რესურსების კერძო სექტორიდან საჯაროში გადატანა, პროდუქტიული პროექტებიდან უბრალოდ ხარჯვაზე, ამ ერისთვის დიდად საზიანოა. ეკონომიკური ზრდა ასეთ ქვეყნებში საერთოდ შეჩერდება. პოლიტიკოსებითვის უფრო გასაგები რომ იყოს – ეკონომიკური ზრდის შეჩერება ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების არშექმნას, უმუშევრობის ზრდას, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას. მოკლედ, გასაგებია, რომ მთავრობის ამოცანაა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის ისეთი ბალანსი მოძებნოს, რომელიც ეკონომიკას და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებს მაღალ ზრდაზე მიმართავს. მაგრამ პოლიტიკოსებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქვეყანაში მხოლოდ კერძო სექტორი ქმნის დოვლათს. ამისთვის საჭირო რესურსი მხოლოდ ერთია (ციდან არ ცვივა, კერძო პირები იხდიან) – მისი მთავრობისკენ გადაქაჩვით, კერძო სექტორს რესურსი უმცირდება განვითარებისთვის, საინვესტიციოდ, დასასაქმებლად და მთავრობისთვის გადასახდელადაც.

სამწუხაროდ, სამთავრობო პროექტები, რომელიც ცდილობს მოსახლეობა კმაყოფილი ჰყავდეს დახმარებებით, არ წარმოადგენს რისკის ერთადერთ ფაქტორს და გამოწვევას ეკონომიკისთვის. რისკის ფაქტორები რა გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე, ასეთი მარტივი მაგალითით შეიძლება წარმოვიდგინოთ:

ავტომობილის საშუალო სიჩქარეა 20 კმ საათში. მან 100 კილომეტრის გავლას უნდა მოანდომოს არა უმეტეს 6 საათისა, რაც ამ სიჩქარით ადვილად მისაღწევია. 2 საათის შემდეგ ავტომობილს შეხვდა ბარიერი ცუდი გზის სახით და მისი მოძრაობა შეანელა 10 კმ/სთ-მდე. იმისთვის, რომ დარჩენილი 60 კილომეტრი 4 საათში მოასწროს, საჭიროა სიჩქარის 5 კმ/სთ-ით აჩქარება (ანუ ცუდი გზის პირობებში 15 კმ/სთ-მდე, რაც, ჩვეულებრივ, კარგი გზის პირობებში 25 კმ/სთ-ის შესაბამისია). ამისთვის მას მოუწევს უფრო მეტი ძალისხმევა და ენერგიის დახარჯვა. სხვა შემთხვევაში, არსებული სიჩქარით იგი აშკარად დააგვიანებს.

ამ მოკლე გამარტივებული მაგალითიდან ორი რამ ჩანს კარგად: 1) აჩქარება აუცილებელია, 2) სხვანაირად დააგვიანებს. ასეა პოლიტიკაშიც, თუ საჭირო სიჩქარეს ვერ აღწევ, გაგვიანდება და ამომრჩეველი სხვას ანიჭებს უპირატესობას. მეტიც, თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ ესმით, როგორ არ უნდა დააგვიანონ, მაშინ მათ შესაძლებელია უფრო დააჩქარონ პოლიტიკური პროცესები, გამოიწვიონ „ბუნტი" და დესტაბილიზაცია, რის პირობებშიც უკვე უფრო მეტი შემაფერხებელი ბარიერი გაჩნდება.

რა რისკის ფაქტორები და გამოწვევები შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე, რა არის ის ბარიერები, რომელიც „ცუდი გზის" სახით ხელს უშლის საქართველოში ინვესტიციებს, ეკონომიკის განვითარებას, შემოსავლების ზრდას და დასაქმების გაუმჯობესებას? შევეცდები, ახლა ამის ვარაუდები გამოვთქვა.

პირველ რიგში, ცხადია, ბიზნესის წინაშე შესაძლებელია სრულიად სუბიექტური ბარიერები გაჩნდეს მთავრობის მიერ დაშვებული მრავალი შეცდომის, არასტაბილურობის განცდის და მოკლევადიან ქცევაზე ორიენტაციის გამო. თუ მთავრობა ბუნდოვან გადაწყვეტილებებს იღებს და არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული პრაგმატული პოლიტიკური გათვლები, ბიზნესებიც შეეცდებიან ამას აეწყონ – ვინ იცის, რა მოხდება. მთავრობა იმისთვისაა, შეცდომებს უშვებდეს და ეს არავის გაუკვირდება. მაგრამ თუ ეს შეცდომები ზღვარს გადასცდება, ბიზნესები, ინვესტორები თავის შეკავებას არჩევენ.

არსებობს ობიექტური ბარიერებიც, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიმღებმა – სირაქლემის პოზა არ გამოდგება. ეს შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპანტის მხრიდან მომავალი საფრთხე. არცერთ ნორმალურ ინვესტორს არ გამორჩება ის, რომ ოკუპანტის ტანკები ძალიან ახლოს დგანან სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი არტერიებიდან, როგორიცაა რკინიგზა, საავტომობილო გზა, ნავთობისა და გაზის მილსადენები.

კავკასია ზოგადად დაძაბულია. ჩვენს ძველ მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული ურთულესი სიტუაცია არამარტო ტერიტორიულადაა ჩვენთვის რისკის ფაქტორი. მიუხედავად ჩვენს რეგიონში გაწეული დიდი სამუშაოსი, კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ სასურველ ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას მივაღწიოთ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს რეგიონთან ახლოს იმყოფება მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი დაძაბულობის ისეთი კერებიც, როგორიცაა სირია და ერაყი. უსაფრთხოების პრობლემები იმითიცაა გართულებული, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანას გადამწყვეტი ვეტოს უფლება აქვს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე შეიძლება მსჯელობა.

უსაფრთხოება უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ისრაელში ასეთი პრობლემის მოსახსნელად მთელი ქვეყანა მილიტარიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მრავალი ლობისტური დაჯგუფება ეხმარება, მათ შორის – ფინანსურადაც. ასეთი გამოწვევების ქვეყანას შესაძლებელია ასევე 3-4-ჯერ დიდი არმიაც ჰქონდეს და 10-ჯერ მეტ ფულსაც ხარჯავდეს თავდაცვაზე, ვიდრე ჩვენ. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, სახელმწიფო ხარჯებს შეზღუდვები აქვს, განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყანაში.

გამოწვევებში აუცილებლად უნდა მივათვალოთ გლობალური ეკონომიკური ლიდერების უპირატესობები. ზოგ შემთხვევაში, ეს ცოდნა და ტექნოლოგიებია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები იყენებენ წარმატებისთვის. სხვა შემთხვევაში, ეს შეიძლება უფრო მეტად მასშტაბის ეკონომიის უპირატესობა იყოს, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაშია. არსებობს სფეროები, რომელში შესვლა ძალიან რთული იქნება, რადგან ის ან ერთის მიერაა უკვე დაკავებული, ან მეორის.

ეს სიტუაცია თითქოს ფორმულასაც კი გთავაზობს, რა არ უნდა აკეთო და გიბიძგებს კარგად დაფიქრდე, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა. თუ ზემოხსენებული არგუმენტები ვინმესთვის არასაკმარისია, ვთავაზობ კიდევ უფრო მარტივ ფორმულას: წარმოიდგინეთ, საქართველოსა და ბულგრეთში ერთნაირი ბიზნესპირობებია, სად წავა ინვესტორი? ბულგარეთში, რადგან ის უფრო დაცულია (NATO-ს წევრია), დიდი ბაზრის ნაწილია, აქვს შეუზღუდავი დაშვება საქონლისა და მომსახურების ბაზრებსა და განათლებაზე (ევროკავშირი). ბულგარეთი აშკარად უფრო მიმზიდველად გამოჩნდება.

ამის საპირისპიროდ, რეგიონში არსებული დაძაბულობა და თანამშრომლობის დეფიციტი ეკონომიკაზე პირდაპირ მოქმედებს. მაგალითად, საქართველოში ფულის ჩასადებად ინვესტორმა იცის, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, მცირე და დაბალი მსყიდველუნარანი მოსახლეობით. „ევროპაში საუკეთესო დემოკრატია" ამ შემთხვევაში არ არის დიდი აქტივი, მიღწევადიც რომ იყოს. ინვესტორებს აინტერესებთ ღია, ცხადი, გამჭვირვალე, ბიზნესისადმი არამტრულად განწყობილი, სტაბილური გარემო. სამწუხაროდ, როგორც წესი, დემოკრატია ასეთი გარემოს შექმნას არ უწყობს ხელს, რისი მაგალითებიც ზემოთ მოკლედ ვახსენე. ჩინეთი საერთოდ არ წარმოადგენს დემოკრატიას, მაგრამ ბოლო 25 წელი მსოფლიოს ჩემპიონი იყო ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც არ ჩამოსცდენია 10%-ს. ეს უკვე აღარ არის ის ღარიბი ქვეყანა და ძნელად თუ იპოვით ახლა მაღალტექნოლოგიურ აპარატურას, რომელიც სხვაგანაა აწყობილი. იმედია, ჩვენ ჩინეთს არ მივბაძავთ.

ასეთია გამოწვევები და რისკები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს ბარიერებად ეღობება. ესაა „ცუდი გზა", რომლის წინააღმდეგობა აჩქარებით უნდა გადავლახოთ. ასეთი აჩქარება შეიძლება მხოლოდ მეტი ენერგიის მიწოდებით მოხდეს. ეს ნიშნავს მეტი რესურსების კერძო სექტორში დატოვებას – რაც უნდა მოხდეს გადასახადების მკვეთრი შემცირებით; და ყველა ხელოვნური ბარიერის მოხსნას, რაც ნიშნავს რეგულირებების გაუქმებას. ამან უნდა გააბათილოს „ცუდი გზის" ეფექტი და მოახდინოს აჩქარება. ინერციის იმედზე ყოფნა ნიშნავს სიჩქარის შემცირებას, მით უმეტეს, თუ ბარიერებს თვითონ უმატებ, როგორც ეს ახლა ხდება.

მთავრობა ხვდება, რომ ბიზნესზე მარეგულირებელი თავდასხმა, რომელიც ახლა ხდება, არაპოპულარული შეიძლება იყოს. ამას არ შველის ხელოვნურად წაქეზებული სახალხო მთქმელებიც, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობა სრულ ილუზიაში აცხოვრონ.

ამიტომ მთავრობამ მოძებნა ადვილი გამოსავალი და ყველაფერი ევროკავშირის მოთხოვნებს დაუკავშირა. მეტიც, მთავრობა გამალებით ცდილობს, ევროკომისიას საკუთარი ერთგულება კომკავშირული პატაკით დაუმტკიცოს, რომ ეკონომიკის რეგულირების გეგმა გადაჭარბებულია. არცერთ იმ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ამ რეგულირებებს ლობირებს, არც უფიქრია მათ შედეგებზე, არც კი უფიქრია ვინმესთვის დაევალებინა გარკვევა, რა დაუჯდება ეს მოქმედება საქართველოს ეკონომიკას, ბიზნესს, ადამიანებს. ეს გამოთვლები არ არის რთული: ახალი ბიუროკრატია, ინსპექციები, რეგულირებების ნორმების დაკმაყოფილების დანახარჯები, ქრთამები, ჯარიმები, ლიცენზიები და სხვა მრავალი. ამ ყველაფრის ფული ქართველმა ადამიანმა უნდა გადაიხადოს.

ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება რთულია, ისინი მისი ახალი წევრების უმრავლესობას არ აქვს ბოლომდე შესრულებული. ბრიტანეთი და თვით გერმანიაც უკვე სერიოზულად აყენებენ ევროპული რეგულირების გადახედვის აუცილებლობას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროკავშირზე აპელირება მთავრობის მიერ ხალხის გაბითურების მცდელობაა, კომკავშირული პატაკისთვის. მეტიც, ევროკავშირს მართლაც რომ ჰქონდეს მოთხოვნა, მისი რეგულირებები სწრაფად დავნერგოთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ამას პრაგმატულად მივუდგეთ, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შევთავაზოთ თანამშრომლობა.

ზემოთ ბულგარეთი ვახსენე. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ეკონომიკის პატრონია იმ პირობებში, როცა მისი ფისკალური და მონეტარული სისტემები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამის პარალელურად, ესტონეთი, რომელიც ასევე გამოირჩევა მაღალი ფისკალური და მონეტარული დისციპლინით, გაცილებით წინ წავიდა, რადგან ევროკავშირის ყველა რეგულირება პრაგმატულ ფილტრში გაატარა. ბულგარეთი კორუფციისადმი ერთ-ერთი ყველაზე მიდრეკილი ქვეყანაა და იქ კრიმინალური მდგომარეობაც ურთულესია ევროკავშირში; ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ევროკავშირში ამ ორივე კომპონენტში. დაფიქრებად ღირს – რატომ?

როგორც არ უნდა მიმტკიცონ ჩემმა პოლიტიკის ექსპერტმა მეგობრებმა, წინა მთავრობის მარცხის მთავარი მიზეზი მაინც დაბალი სიჩქარე იყო, რომლითაც მათ დააგვიანეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები