ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერი: ქვეყნიდან გაქცეული 6%-იანი ენმ-ის ლიდერია და არა ივანიშვილი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განცხადებები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის და ბიზნესს ყიდის, სპეკულაციებია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

"მე მინდა ძალიან მარტივად ამ ადამიანებს განვუმარტო, ბიძინა ივანიშვილი არათუ მიდის, არამედ ის საქართველოში დარჩა, როდესაც ყველაზე რთული სახიფათო და სარისკო იყო მისთვის დარჩენა მაშინ ქვეყანაში, მაგრამ მან ეს გააკეთა, დარჩა და შეასრულა ის, რასაც ვერავინ ვერ შეასრულებდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ ყოველთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ვინც არის ქვეყნიდან გაქცეული, ჩვენ ძალიან კარგად ვუყურებთ".

"ეს არის მათი ლიდერი, 6%-იანი პარტიის ლიდერი, ბატონი სააკაშვილი, რომელიც გუშინ რაღაც საოცრებებს გადასცემდა skype-ით", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილი დიდგულად გამოიყურებოდა. პრემიერმა მოუწოდა სააკაშვილს, "ჩამობრძანდეს და აქედან ელაპარაკოს ხალხს იმ საშინელ დანაშაულზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა".

კომენტარები