ცემენტის ქარხანა

ღარიბაშვილი: სამშენებლო კომპანიები იმპორტზე დამოკიდებული ნაკლებად იქნებიან

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერ ცემენტის და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც პრემიერი ამბობს, პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება.

„საქართველოში მოქმედ სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის დროს ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტის გამოყენების საშუალება მიეცემათ და იმპორტზე დამოკიდებული ნაკლებად იქნებიან, ასევე ქვეყანაში მშენებლობის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ლიდერ ცემენტის და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის თანახმად, ფოთში 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომელიც წელიწადში 250 000 ტონა ცემენტის წარმოებას შეძლებს. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს, ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.

კომენტარები