სკანდალი NBA-ში

Los Angeles Clippers-ის მფლობელი რასისტულ სკანდალში გაეხვია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლო წლების ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა. ლოს ანჯელეს კლიპერსის მფლობელ დონალდს სტერლინგს ჩანაწერი გამოუქვეყნეს, სადაც ის მეგობარ გოგონას სოციალურ ქსელებში მისი გუნდის შავკანიან წევრებთან ერთად გადაღებული ფოტოების განთავსებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ჩანაწერში 80 წლის სტერლინგი რასისტული გამონათქვამებით გამოდის და ამბობს, რომ რასიზმი კულტურაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, კლიპერსის მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა, დოკ რივერსმა, დაგმეს ფაქტი და განაცხადეს, რომ ბოიკოტის ან, უარეს შემთხვევაში, გუნდიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

სტერლინგის საქციელს ამაზრზენი უწოდეს ლეგენდებმა: მეჯიქ ჯონსონმა, მაიკლ ჯორდანმა, ჩარლზ ბარკლიმ  და ა.შ. NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე მეჯიქ ჯონსონმა სურვილი გამოთქვა, რომ თავად შეისყიდოს კლიპერსი და პრეზიდენტის პოსტზე შეცვალოს დონალდ სტერლინგი.

საკალათბურთო სამყაროს გარდა, რასიზმის გამოვლინება დაგმეს შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც: რიჰანამ, სნუპ დოგმა, კევინ ჰარტმა, ლილ უეინმა. სტერლინგი გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.

"თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს მიუღებელია ჩვენი ლიგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თეთრი, შავკანიანი, ლათინოსი - ამას ლიგაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა აგრესიული უნდა იყოს ასეთი ფაქტების მიმართ. ჩვენ სამაგალითო მოქალაქეები ვართ მსოფლიოს მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის, რადგან მეტად ცნობადები ვართ. გვხედავთ ყოველთვის, ხედავთ ჩვენს ლოგოებს, ჩვენს მოთამაშეებს  და ამის შემდეგ, როდესაც კლუბის მფლობელი გამოდის და ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს უპატივცემულობაა, ეხება ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც იმ გუნდში თამაშობენ", - განაცხადა მაიამი ჰიტის კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა.

NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სიტუაციის ირგვლივ კომენტარი ლიგის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ ბასის, მიერ ხვალ გაკეთდება.

 

კომენტარები