სკანდალი NBA-ში

NBA-ს კომისარმა კლიპერსის მფლობელს ლიგაში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა

NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა, რასისტულ სკანდალში გახვეულ, ლოს ანჯელეს კლიპერსის ბოსს დონალდ სტერლინგს, გუშინ განაჩენი გამოუტანა.

იქედან გამომდინარე, რომ სილვერი პოსტზე ახალია, ბევრი მას სკეპტიკურად უყურებდა და ხშირად ყოფილი კომისრის, დევიდ სტერნის მარიონეტს უწოდებდა და ამ შემთხვევაშიც სტერლინგისთვის ლმობიერ სასჯელს ვარაუდობდა. 

ადამ სილვერმა 80 წლის სტერლინგს სამუდამოდ აუკრძალა ლიგაში საქმიანობა, ნებისმიერ ფუნქციონალურ საკითხებში ჩარევა, გუნდის ფლობა, ასევე მატჩებსა და ვარჯიშებზე დასწრება. ამასთან ერთად, კლიპერსის მფლობელს, წესებით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის - 2.5 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა, რაც მთლიანად რასიზმის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს გადაეცემა.

ამ გადაწყვეტილებამ აღაფრთოვანა ყოფილი და მოქმედი ლეგენდარული კალათბურთელები. ლებრონ ჯეიმსმა, მეჯიქ ჯონსონმა, კობი ბრაიანტმა, კაირი ირვინგმა და სხვებმა, ადამ სილვერს ამგვარი რეაქციისთვის მადლობა გადაუხადეს. 

კმაყოფილება არ დაუმალავთ თავად კლიპერსის კალათბურთელებს, რომლებიც განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თამაშზე უარის თქმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.

ბოლო 24 საათში, სოციალური ქსელებით კლიპერსის ყიდვის სურვილი რამდენიმე ცნობილმა პირმა გამოთქვა. მეჯიქ ჯონსონმა, პაფ დიდიმ და რიკ როსმა განაცხადეს, რომ მზად არიან მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძინონ საკალათბურთო კლუბი. თუ რა ბედი ეწევა ლოს ანჯელეს კლიპერსს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

 

კომენტარები