ანტიდისკრიმინაციული კანონი

მარგველაშვილი: ანტიდისკრიმინაციულ კანონში სექსუალური თემების ქადაგება არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ანტიდისკრიმინაციულ კანონში სექსუალური თემის ქადაგება არ არის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვის. ამ კანონით საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდება.

"ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ პროცედურის გავლა ჩაწერილია ასოცირების შეთანხმების ტექსტში, მაგრამ ეს არის უფრო საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. მე მინდა, მოგახსენოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ქრისტიანმა, როგორც ქართველმა, იმ ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორგანიზებული საზოგადოება, რომ ადამიანის რაიმე ნიშნით ჩაგვრის აღკვეთა – სწორედ ეს მიმაჩნია ქრისტიანული ღირებულებების რეალურად ცხოვრებაში განხორცილებად. მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ვინც არის უცოდველი, პირველმა იმან ისროლოს ქვაო. ნებისმიერი ჩაგვრა, ჩაგვრის ნებისმიერი ლეგიტიმაცია, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებელია, როგორც ქართველისთვის, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმ სავიზიტო ბარათით მოვიდა, რომ აქ განსხვავებული აზრი არ იჩაგრება" - აღნიშნა მაგველაშვილმა. 

მარგველაშვილის თქმით ამ კანონში არანაირი სექსუალური თემების ქადაგება არ ხდება. ეს კანონი ქართველი ადამიანის ტოლერანტობის ხაზგასმაა.

"არანაირი ქადაგება საერთოდ ამ კანონში რაიმე ტიპის სექსუალური თემის, არ არის. საერთოდ, კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებენ. კანონები ჩვეულებრივ რაღაცას ან კრძალავენ ან არ კრძალავენ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეტრიალების მცდელობად აღვიქვამ ძალიან მტკივნეულად, იმიტომ, რომ რეალობა არის სრულიად სხვა. არანაირი იდენტობის შეცვლა აქ არ არის, პირიქით, ეს არის ჩვენი ტოლერანტობის ხაზგასმა. ამ კანონის მიღებით არავინ ზარალობს, პირიქით, ჩვენ ვხდებით უკეთესი საზოგადოება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით ამ კანონის არმიღება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას შეაფერხებს. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ კონსენსუსი მთლიანად საზოგადოებაში შედგება, ხოლო რადიკალური ჯგუფების შეხედულებების დაახლოება მიზანს არ წარმოადგენს.

კომენტარები