ანტიდისკრიმინაციული კანონი

ბოკერია: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ევროპისთვის გადაბრალება საზიანოა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროეკტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბოკერიას თქმით, არ უნდა ავყვეთ პუტინის პროპაგანდისტულ კონცეფციას გარყვნილი დასავლეთის შესახებ, ხოლო ხელისუფლებამ კანონის მიღება ევროპას კი არ უნდა გადააბრალოს, არამედ თავად დადგეს ზნეობრივ საფუძვლებზე.

”მე ვფიქრობ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის მისაღები და ის უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. დაუშვებელია რომელიმე ჯგუფის ამოღება ამ ჩამონათვალიდან, კერძოდ „სექსუალური ორიენტაციის ნიშნით" - რადგან ყველა ადამიანი არის თანასწორი, ამიტომ ეს არის ზნეობრივი საკითხი. მაგრამ ზნეობრივ საკითხთან ერთად ეს არის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან არ უნდა ავყვეთ პუტინის მიერ შემუშავებულ პროპაგანდისტულ კონცეფციას, რომ ევროპა, დასავლეთი და თავისუფლება არის გარყვნილების საფრთხე, ხოლო ერთმორწმუნე კრემლი არის ჩვენი მოკავშირე, რომელიც ჩვენს ტერიტორიებს იპყრობს, ჩვენს მოქალაქეებს კლავდა, ეთნიკურ წმენდას ატარებდა და ქვეყნის პირველხარისხოვანი საფრთხეა. არ უნდა გადავყლაპოთ ეს ანკესი.

ეკლესია და სახელმწიფო არის გაყოფილი, სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ უფლება ჰქონდეთ პოზიცია ამა თუ იმ ზნეობრივ საკითხზე, ისეთიც, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ სახელმწიფოსა და მმართველი გუნდის საქმეა, რომ ამ საკითხში ევროპისკენ კი არ იშვერდნენ ხელს და აბრალებდნენ სხვას, რადგან ეს არის მხოლოდ საზიანო კონცეფცია, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ, ოღონდ აბრალებენ ევროპას ამას. თვითონ უნდა ჰქონდთ ხედვა და თვითონ უნდა იდგნენ მყარად საკუთარ ზნეობრივ საფუძველზე და თვითონ უნდა ესმოდეთ ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოების საკითხები” - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები