გარი ბეკერი

ნობელის პრემიის ლაურეატი გარი ბეკერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: 4.bp.blogspot.com/

ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი, გარი ბეკერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბეკერი ეკონომიკას, როგორც ადამიანის ქცევას, ისე უდგებოდა და სწავლობდა. ის ეკონომიკის დახმარებით სწავლობდა საგნებს, რომელიც ხშირად ამ სფეროს გარეთ მოიაზრებოდა.

გარი ბეკერს ლექციამ ”ცხოვრებაზე დაკვირვების ეკონომიკური გზა” 1992 წელს ნობელის პრემია მოუტანა, სადაც ის საუბრობს თუ როგორ გამოიყენა ეკონომიკა ისეთი საკითხების ანალიზისთვის, როგორიცაა დანაშაული, უმცირესობების დისკრიმინაცია და ოჯახური ცხოვრება.

ბეკერი მილტონ ფრიდმანის მოსწავლე იყო. მისი არაორდინარული მიდგომა ეკონომიკისადმი 1955 წელს დაიწყო, როდესაც მან დისკრიმინაციის ეკონომიკაზე სადოქტორო ნამუშევარი დაწერა. სხვა საკითხებთან ერთად, ბეკერმა წარმატებით გააკრიტიკა დისკრიმინაციის მარქსისტული ხედვა - რომ დისკრიმინაცია ეხმარება ადამიანს, რომელიც იყენებს მას. ბეკერი იყო პიონერი, ვინც თავის ნაშრომში განაცხადა, რომ პროდუქტიული მუშის არდაქირავება მისი კანის ფერის გამო, დამქირავებლის მიერ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მოკლედ რომ ითქვას, დისკრიმინაციით ზარალდება ადამიანი, რომელიც მას იყენებს.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ბეკერი ადამიანური კაპიტალის შესწავლაზე გადავიდა. ბეკერი დღეს უკვე ფართოთ გავრცელებული კონცეფციის - ”განათლება ინვესტიციაა”, თუმცა იმ დროს რევოლუციური იდეის, ერთ-ერთი ავტორი იყო.

გარი ბეკერი ”ადამიანურ კაპიტალში” ავითარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, მშობლებს „ეგოისტ” შვილთან ალტრუისტული დამოკიდებულება აქვთ: მასში ინვესტიციას ახორციელებენ და დაბანდებული კაპიტალის უკან დაბრუნებას ელიან – მომავალში შვილებმა მათზე უნდა იზრუნონ. მშობლებს არ აქვთ რაიმე გარანტია ან იძულების მექანიზმი, შვილი დაავალდებულონ, ამიტომ პასუხისმგებლობას, მოვალეობასა და დედ-მამის სიყვარულს უნერგავენ. მოგვიანებით, ეს ირიბად, მაგრამ ეფექტიანად აიძულებს შვილებს, რომ მშობლებზე იზრუნონ.

მისი გამოკვლევის მთავარი პრინციპი იყო ფაქტი, რომ ადამიანის ქმედებები იმავე რაციონალურ პრინციპებს ეფუძნება, როგორსაც ბიზნესი ან რომელიმე ორგანიზაცია. თავის დროზე ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა მისმა ნამუშევრებმა თანამედროვე სოციოლოგიაზე, დემოგრაფიასა და კრიმინალისტიკაზე უდიდესი გავლენა იქონია.

”მე სოციალური პრობლემები მაინტერესებდა, ეკონომიკაში კი დავინახე შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც სოციალურ კითხვებს ვუპასუხებდი, ჩემს ინტერესებს დავიკმაყოფილებდი”, - განაცხადა ბეკერმა 1992 წელს ნობელის პრემიის მიღების შემდეგ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები