არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

მოქალაქე: TNS Opinion-ი მედიაგარემოს შესწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Артема Голощапов / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" განცხადებით, ქართული მედიის კვლევის პროექტს TNS Opinion-ი უხელმძღვანელებს. მედიაგარემოს შესწავლასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება და პირველი შედეგები, სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნდება". "მოქალაქის" განცხადებით, TNS Opinion-ი საქართველოში რამდენიმე წელია ახორციელებს კვლევით პროექტებს და კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე ქართული მედიის სანდოობის ხარისხის შეფასებისა და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლის მიზნით, გეგმავს კომპლექსური კვლევის ჩატარებას. ეს არის უპრეცედენტო პროექტი – როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი პერმანენტული ხასიათის იქნება და სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევა იქნება მულტიკომპონენტური და მოიცავს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ საფეხურებს; გაანალიზდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია და შესწავლილ იქნება საზოგადოებისა და ექსპერტთა განწყობები. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქემ პარტნიორად აირჩია მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი ორგანიზაცია TNS-ი, რომელმაც საქმიანობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1946 წელს. დღეს ორგანიზაცია 80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 15 000-ზე მეტი სპეციალისტი. TNS-ი პოლიტიკურ, მედიისა და სოციალურ კვლევებში მსოფლიო ლიდერია და ცნობილია როგორც კვლევითი პარტნიორი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ და ბიზნესკორპორაციებს სანდო და კომპეტენტურ მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის პრაქტიკულ ანალიზსა და რეკომენდაციებს. TNS-ის კლიენტები არიან როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე სამთავრობო უწყებები, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მსხვილი საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტიტუტები", - აცხადებს "მოქალაქე".

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" 2014 წლის 23 იანვარს დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. ამასთან, როგორც 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, მოქალაქის დანიშნულება იქნება, დაეხმაროს მედიას ტრენინგების და სხვა კვალიფიკაციის გადამზადებაში.

"ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუკეთებთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი. დავეხმარებით გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის გაკეთების საშუალება ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას, დროული და, რაც მთავარია, ობიექტური. მედია ასე გაუზრდის საზოგადოებას თვისებას, რასაც ჰქვია დაქირავნობა. ასევე მომზადდება პერმანენტული კვლევები, რომლებიც მედიის მუშაობას შეაფასებს", - თქვა ივანიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები