უკანონო მოსმენები

ენმ: გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსასმენი აპარატურა პარლამენტშიც დამონტაჟდა

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვის წინ, ტელეკომპანიების გარდა, მოსასმენი აპარატურა პარლამენტშიც დამოტაჟდა. ნადირაშვილი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე ფარული თვალთვალის ფაქტს გამოეხმაურა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც 112-ში ზედიზედ რამდენიმე ცრუ შეტყობინება შევიდა ტელეკომპანიებში ბომბის არსებობის შესახებ.

"ალბათ ყველას გახსოვთ ძალიან უცნაური კამპანია, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საქართველოში ყველას ერთად გაუჩნდა სურვილი, დაერეკა 112-ში და შეეტყობინებინა ბომბის არსებობის თაობაზე. მახსოვს, კოლონებად როგორ დარბოდნენ სამართალდამცავები ერთი ტელეკომპანიიდან მეორეში და გასარკვევია, ამ დროს ხომ არ დამონტაჟდა მოსასმენი აპარატურა, მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მარტო ტელეკომპანიებში კი არა, სწორედ ამ დროს, მოსასმენი აპარატურა დამონტაჟდა პარლამენტშიც და უშუალოდ, დავით უსუფაშვილის ოთახში. ამიტომ, მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ არასერიოზული კი არ დაარქვან, არამედ თავისი თავიც დაიცვან და დააჩქარონ გამოძიება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში, 112-ზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება შევიდა. ცრუ შეტყობინების ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო სკოლებში, ტელეკომპანიებში, ასევე, საქართველოს პარლამენტში. შსს-მ ამ საქმეზე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავა.

ამის გამო, პარლამენტმა ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

კომენტარები