საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და კანდიდატთა ნაწილი წარადგინა. თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს. ქუთაისში მაგდა გაბრიჩიძე იყრის კენჭს, ზუგდიდში ირაკლი ღურწკაია, თელავში გიორგი მოსიაშვილი, რუსთავში - ალექსანდრე ბერიძე, ხოლო ახალციხეში - ნატალი სისვაძე.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ასევე წარადგინა თბილისის 12 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დელისი - ლაშა ჩხარტიშვილი; კრწანისი - ერიმეა ბერიშვილი; ავლაბარი - როლანდ ბერიძე; ვაზისუბანი - რამაზ ცატავა; ვარკეთილი -დოდო ჭელიძე; ჩუღურეთი - დავით შვანგირაძე; დიდუბე - მანანა ნაჭყებია; დიღმის მასივი - გიორგი თავდგირიძე; ლოტკინი - ფრიდონ ჩიღუნაძე; ნაძალადევი - ნინო სირბილაძე; სანზონა - გელა კეტაშვილი; მუხიანი - ავთანდილ სულაქველიძე; გლდანი - ლევან კალანდაძე.
არასაპარლამენტო ოპოზიციის პროგრამა ოთხი ბლოკისგან შედგება: დასაქმება და ეკონომიკური განვითარება; ქალაქის განვითარება; თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები; გრძელვადიანი ვალდებულებები - ეს ბლოკი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მათი გადაწყვეტისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან იბრძოლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.