NATO-საქართველოს ურთიერთობა

დოლიძე: თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე ალასანიას განცხადება ნაადრევი არაა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე თავდაცვის მინისტრის განცხადება ნაადრევი ნამდვილად არ არის. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა და თავისუფაი დემოკრატების წევრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კომპონენტი პარტნიორ ქვეყნებშიც უნდა გაძლიერდეს.

"ევროპული უსაფრთხოების კონიუნქტურა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც რომ ავიღოთ, ორი აზრი არ არსებობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის გაძლიერება. მართალი გითხრათ, საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე თავდაცვის მინისტრის განცხადება ნაადრევად ნამდვილად არ მენიშნა. ეს აბსოლუტურად პრაგმატული და ადეკვატური დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, უნდა გავაძლიეროთ როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე უნდა გავაძლიეროთ სანაპირო თავდაცვა, ჩვენი სახმელეთო ჯარები იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არის მიმართული მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისკენ და ეს არავის საფრთხეს არ უქმნის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ამდაგვარი რამ მოხდება, იქნება ეს NATO-ს მხრიდან, აშშ-დან - ორმხრივი თუ მრავალმხრივი დახმარება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება", - ამბობს დოლიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებაზე ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო. "მაესტროს ცხრიანში" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ კობახიძეს ჰკითხა - "არ იყო ქართული ოცნების კოალიციასა და მთავრობაში შეთანხმებული ის, რაც ირაკლი ალასანიამ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან აშშ-ში განაცხადა?", რაზეც მანანა კობახიძემ უპასუხა, რომ "შეიძლება, ცოტა ნაჩქარევი იყო მაღალ ტრიბუნაზე ამის თქმა, რადგან ის, რაც იდეის დონეზე განიხილება, ასე საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს".

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას თქვა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და ალიანსი განიხილავს მის წინადადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგების შესახებ.

ირაკლი ალასანიას გზავნილი შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მინისტრ ალასანიას გზავნილი ვაშინგტონში იყო სწორი, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ არა მხოლოდ არ აწარმოა კამპანია ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით, არამედ ჰქონდა საზიანო, წინააღმდეგობრივი, ან არათანმიმდევრული გზავნილები.

კომენტარები