საყდრისი

RMG საყდრისში მუშაობას სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად გააგრძელებს

news.ge

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, კომპანია RMG გოლდმა მუშაობა სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად უნდა გააგრძელოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში საყდრისთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების შუალედური დასკვნა წარმოადგინეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანია RMG გოლდმა ოქროს მოპოვება უნდა გააგრძელოს, თუმცა ეს სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად უნდა მოხდეს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დროს სხვადასხვა კულტურული შრეს აღმოაჩენენ, კომპანიამ მუშაობა დროებით უნდა შეაჩეროს. ექსპერტებმა დოკუმენტი საქართველოში ათდღიანი მუშაობის შემდეგ მოამზადეს.

"ექსპერტების რეკომენდაციით და მხარეების შეთანხმებით გადაწყდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს კორდინაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართულ-გერმანული არქეულოგიური ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG გოლდის ხელშეწყობით, განხორციელდება ყველა ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის საკითხის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვეტას. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და სათანადოდ დაფასდეს საყდრისის სამეცნიერო მიგნებები დ მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩინდება ქვემო ქართლის, კერძოდ, ბოლნისის თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას" - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ.

კომპანია RMG გოლდი საყდრისის ტერიოტორიაზე ოქროს მოიპოვებს. არქეოლოგები კი ამბობენ, რომ საყდრისი შესაძლოა 5400 წლოვანი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო იყოს. მისი შესწავლა 2004 წლიდან მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი ინიციატივაც შეიქმნა. მოძრაობის წევრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად RMG გოლდისგან სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

კომენტარები