ბომბის შესახებ შეტყობინება

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, ილიაუნის შენობები მეორედ დაცალეს

ილიაუნის შენობა დღეს უკვე მეორედ დაიცალეს. უნივერსიტეტში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე შეტყობინება კიდევ ერთხელ შევიდა.  

ევაკუირებულია როგორც უნივერსიტეტის A კორპუსი, ასევე ადმინისტრაციის (ყოფილი უცხო ენების ინსტიტუტი) შენობა.

გამნაღმველები სამძებრო სამუშაოებს უკვე ატარებენ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება დღეს, 11:00-ზეც შევიდა. სასწავლო პროცესი მალევე აღდგა.

დღესვე, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე შეტყობინება შევიდა თბილისის მე-2 და 55-ე საჯარო სკოლებში. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში, 112-ზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება შევიდა. ცრუ შეტყობინების ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო სკოლებში, ტელეკომპანიებში, ასევე, საქართველოს პარლამენტში. შსს-მ ამ საქმეზე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავა.

ამის გამო, პარლამენტმა ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

კომენტარები