წინასაარჩევნო გარემო

უწყებათაშორისმა კომისიამ ოთხი ახალი რეკომენდაცია გასცა

იუსტიციის სამინისტრო

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ ახალი რეკომენდაციები გასცა. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით კი, თბილისის მერიას დაევალა, გამოყოს დამატებითი სტენდები და ფართი პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად.

ასევე, კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და პოლიტიკურ პარტიებს, საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდონ შიდა დისციპლინისაკენ და განუმარტონ, რომ არ შეიძლება კონკურენტი პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მასალაზე საკუთარი კანდიდატის მასალის გადაკვრა და მისი დაზიანება.

კომისია ასევე რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, რომლებიც, ასევე, წარმოადგენენ ამა თუ იმ პარტიის კანდიდატებს, გამიჯნონ პოლიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია.

მეოთხე რეკომენდაციის მიხედვით კი, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიას, ითანამშრომლონ სააგიტაციო მასალის დაზიანების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის გუშინდელ სხდომაზე, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევების აღკვეთისა და შემდგომი პრევენციისათვის გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ. კომისიის მორიგი სხდომა 29 მაისს ხარაგაულში გაიმართება.

კომენტარები