მედიაგარემო

ხიდაშელი: მედიის საქმე არ არის, თავისი ეთერიდან მომეფეროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ტელევიზიის ფუნქცია არ არის, რომ "ეთერიდან მომეფეროს და გამაბედნიეროს". ხიდაშელმა გადაცემაში - პოლიტიკის დრო - მთავრობისა და ქართული ოცნების მიერ ვახო სანაიას რეპორტაჟის კრიტიკა შეაფასა. 

"მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ის მომენტი, როცა ყველა სიტყვა, რომელსაც ეთერში ჟურნალისტი იტყვის, ბედნიერების მომტანი იქნება ჩვენთვის. ეს იქნება კატასტროფა, ამიტომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს დღეს მაესტრო და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, რასაც აკეთებს. ძალიან კარგია, როცა ცივ შხაპს გადაგასხამენ. მთავარი ის კი არ არის, კონკრეტულ თემაზე აბსოლუტური სიზუსტით თქვა რაღაცა თუ ცოტა რამე შეეშალა, მთავარი ისაა, რომ მე ახლა სოფლებში რომ დავდივარ, იქ გლეხებმა ზუსტად იციან, მიცემული აქვთ ძალიან კარგი შეფასება სოფლის მეურნეობის პროგრამისათვის, იმის მიუხედავად, რას იტყვის მაესტრო. მაგრამ მაესტროს საქმე არ არის, იმედის საქმე არ არის, რომ გამაბედნიეროს თავისი ეთერიდან, მომეფეროს, მითხრას როგორი ლამაზი ვარ, რომ ჩემზე ფანტასტიური მეორე არ არის – ეს არ არის ტელევიზიის ფუნქცია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დაპირებებზე კრიტიკიკული გადაცემის მომზადების გამო, გუშინ ტელეკომპანია მაესტრო ტენდენციურობაში დაადანაშაულეს საქართველოს მთავრობამ და პოლიტიკურმა პარტია ქართულმა ოცნებამ. მათი შეფასებით, ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია მაესტროს 18 მაისის გადაცემას, რომელიც ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ქართული ოცნების დაპირებებს მიუძღვნა. მთავრობის და პარტიის განცხადებით, სიუჟეტები ტენდენციური იყო, ხოლო ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, რომ ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

კომენტარები