ბაქრაძის განცხადება

დავით ბაქრაძე: რაიონებში ენმ-ს კანდიდატებზე ზეწოლამ საგანგაშო სახე მიიღო

რაიონებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლამ საგანგაშო სახე მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მათ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ.

„თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის მე-5 ნომერი მაია დოლიძე დაკითხვაზე იმყოფება. მას სრულიად აბსურდული ბრალი წარუდგინეს. მაია დოლიძემ გუშინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას რუსთაველი მძღოლების მხარე დაიჭირა და მერიას მძღოლების ინტერესების ფეხქვეშ გათელვის საშუალება არ მისცა. ამის გამო ჩვენი კანდიდატი პოლიციაში დაიბარეს“, - აღნიშნავს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე სხვა მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარების შესახებაც საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ახალციხეში რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიცია და სუს-ი ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატ მალხაზ ივანიძეზე ზეწოლას ახდენდა, რის შედეგადაც ივანიძემ 21 მაისს კანდიდატურა მოხსნა. 

ბაქრაქის ინფორმაციით, ადიგენში კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის ინტენსიური ზეწოლის შედეგად, სოფელ უდეს მაჟორიტარობის კანდიდატმა ენმ-დან რამაზ მერაბიშვილმა 22 მაისს კანდიდატურა მოხსნა. 

დავით ბაქრაძე დასძენს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლას გარდაბანში, ლენტეხში, წალკასა და დედოფლისწყაროშიც ახდენენ.

„ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ხელისუფლებას ე.წ. მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, მაგრამ ფაქტები კარგად ასახავს, ხელისუფლება საკუთარ მორატორიუმს, როგორ ასრულებს“, - ამბობს ბაქრაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ყურადღებას წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოტენციურ კანდიდატებზეც ამახვილებს. „ხონში უკვე მერამდენე თვეა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას მოსახლეობისთვის სამი წლის წინათ 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის დარიგებას ედავებიან“, - თქვა ბაქრაძემ. მისივე ინფორმაციით,  წინასწარ პატიმრობაშია დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატი, აგრეთვე დაპატიმრებულია ცაგერის გამგებლობის კანდიდატი.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის კომისიას და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდს.

კომენტარები