ვირუსული მენინგიტი

გიგაური: გაცდენილი საათები სკოლებში შემჭიდროებულ ვადებში ანაზღაურდება

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლის დროებით შეჩერების მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი არ გადაიწევს. სკოლებში ბოლო გაკვეთილები 13 ივნისს ჩატარდება.

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განმარტებით, გაცდენილი საათები შემჭიდროებულ ვადებში ანაზღაურდება.

"სასწავლო წლის ბოლოა და პროგრამის მიხედვით, მიმდინარეობს განვლილი მასალის შემაჯამებელი სამუშაოები. ყველა ეს სამუშაო ჩატარდება შემჭიდროებულ ვადებში. წინა გაცდენილი ორი დღე შაბათის დღეების ხარჯზე ანაზღაურდება და თუ კიდევ იქნება საჭირო, სასწავლო გეგმაში შევა ცვლილებები და მოსწავლეებს დღის განმავლობაში თითო გაკვეთილი დაემატებათ", - განაცხადა ლია გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით დაწყებით კლასებში (მე-6 კლასის ჩათვლით) სწავლა 21 მაისს შეწყდა. სასწავლო პროცესი ორშაბათს აღდგება. 

კომენტარები