ქალები თვითმმართველობაში

ლომჯარია: ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრთა 88,9%-ს მამაკაცები შეადგენენ

საქართველოს მასშტაბით საკრებულოს წევრთა უმრავლესობას 88,9% (1379) მამაკაცები შეადგენენ, ხოლო ქალთა წარმომადგენლობის ხვედრითი წილი 11,1%-ია (171), - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ორგანიზაციის ოფისში წარმოადგინა. კვლევის თანახმად, მცხეთის, ახალქალაქის, დედოფლისწყაროს და ხონის საკრებულოებში არც ერთი ქალი არ არის არჩეული. ზუგდიდის საკრებულოს 38 წევრიდან კი მხოლოდ ერთი ქალია.

საკრებულოებში ქალ დეპუტატთა ყველაზე მაღალი (20% და მეტი) პროცენტული მაჩვენებელი თეთრიწყაროშია - 28%(8), მას ქედა - 26%(5), ონი 26%(6), ადიგენი 21%(5) და სენაკი 20%(5) მოსდევს.

განსაკუთრებით  მძიმე ვითარება მრავალენიკურ მუნიციპალიტეტებშია. სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით იმ საკრებულოებში, რომელთა უმრავლესობაც ეთნიკური უმცირესობებით არის დაკომპლექტებული, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მხოლოდ ერთი ქალია არჩეული (მარნეულში).

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც არ შეიცვლება. „იმ პარტიებმა, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვთ, მერობის და გამგებლობის კანდიდატებად ქალები ფაქტობრივად არ დაასახელეს. პარტიულ სიებშიც ქალების საკმაოდ მცირე წარმომადგენლობაა“, - ამბობს ლომჯარია.

ლომჯარიას თქმით, არჩევნების შემდეგ სამართლიანი არჩევნები უფრო მეტ ლობირებას გაუწევს იმას, რომ საარჩევნო კოდექსში უფრო რადიკალური ცვლილებები შევიდეს, რომელიც სავალდებულო კვოტების შემოღებით, ან სხვა მექანიზმებით, პარტიულ სიებში უფრო მეტი ქალის წარმოდგენას უზრუნველყოფს. 

კომენტარები