0 კომენტარი

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს სამი გეოპოლიტიკური „თამაში". ერთი უკავშირდება რუსეთის მცდელობას, აღიდგინოს იმპერია; მეორე – ჩინეთის მიზანს, გააკონტროლოს მისგან აღმოსავლეთით მდებარე ზღვები; მესამე კი ახლო აღმოსავლეთში მიდის. დანარჩენი ორი „თამაშისგან" ის იმით განსხვავდება, რომ საკუთარ საზღვრებს გარეთ თავისი გავლენის დამყარებას ერთზე მეტი სახელმწიფო ცდილობს. თუკი პირველ შემთხვევაში ასეთი სახელმწიფო რუსეთია, ხოლო მეორეში – ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთში ამ ტიპის ამბიცია ერთდროულად რამდენიმე ძალას აქვს. ეს ართულებს საერთაშორისო პოლიტიკას ამ რეგიონში და, ამავდროულად, მასზე დაკვირვებას ძალიან საინტერესოს ხდის.

ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ძალები და ძალთა ალიანსები. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი მიზნები და ახლო აღმოსავლეთის მომავლის მათთვის სასურველი ხედვა.

ერთი ასეთი ძალაა ირანი და მასთან კავშირში მყოფი არაბი შიიტები. ყველა ისტორიულ ეპოქაში, როდესაც ირანში არსებობდა ძლიერი სახელმწიფო, ის ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის მაქსიმალურ გაზრდას. თანამედროვე ირანი, რომელიც გაძლიერდა და განიცადა მოდერნიზაცია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენს. საგარეო-პოლიტიკური ამბიციების ნიშნები ირანს ჰქონდა ჯერ კიდევ უკანასკნელი შაჰის მმართველობის დროს, თუმცა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამ ამბიციებმა შეუდარებლად უფრო აქტიური სახე მიიღო.

დღემდე ირანის ძირითადი საგარეო ძალისხმევა მიმართულია ირიბი კონტროლის დამყარებაზე ახლო აღმოსავლეთის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე.

2011 წლისთვის ირანის პოზიციები რეგიონში ძალიან ძლიერი ჩანდა. ერაყს, რომელსაც ტოვებდა ამერიკული ჯარი, მართავდა ირანული გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება; სირიას – ირანის მრავალწლიანი მოკავშირე ასადის რეჟიმი; ხოლო ლიბანის შიდა პოლიტიკაში პროირანულ ძალებს ჰქონდათ მეტი გავლენა, ვიდრე მათ მოწინააღმდეგეებს. გამოდიოდა, რომ ირანი იძენდა ტერიტორიულად ურყევ გავლენის სფეროს ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე.

შემდეგ კი დაიწყო სირიის სამოქალაქო ომი, რომელშიც შიიტური ირანის მოკავშირე რეჟიმს დაუპირისპირდნენ სუნიტი მეამბოხეები. ამას დაემატა ლიბანში ანტიშიიტური გამოსვლების გაძლიერება და ომი, რომელსაც ერაყელი რადიკალი სუნიტი ისლამისტები აწარმოებენ ამ ქვეყნის ხელისუფლების და შიიტური მოსახლეობის წინააღმდეგ. ჯამში ამ ყოველივემ, მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის სტრატეგიული პოზიციები.

ირანის საგარეო სტრატეგია მოიცავს ქმედებებს საუდის არაბეთის და მის გარშემო არსებული არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამაში შედის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერა ბაჰრეინის და საუდის არაბეთის აღმოსავლეთის შიიტ მოსახლეობაში, ისევე როგორც დახმარება იემენში შიიტი მეამბოხეებისათვის, რომლებიც ამის შედეგად, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ.

თუმცა მოცემულ პერიოდში პრიორიტეტს ირანისთვის წარმოადგენს მოვლენები სირიასა და ლიბანში. ნაკლებად სავარაუდოა, ასადის რეჟიმი დღემდე გადარჩენილიყო, რომ არა ირანული დახმარება. ხოლო ირანის მიერ სირიაში ჩადებული ძალისხმევის მიზეზია როგორც თავად ამ ქვეყნის მნიშვნელობა, ისევე ის ფაქტი, რომ ლიბანში ირანის ძირითადი დასაყრდენის – ორგანიზაცია ჰეზბოლას მხარდაჭერა სწორედ სირიის ტერიტორიის მეშვეობით ხდება. შესაბამისად, სირიის დაკარგვის შემთხვევაში, ირანის ლიბანელი სატელიტები აღმოჩნდებიან იზოლაციაში და, სავარაუდოდ, განწირულნი იქნებიან. ამის შედეგად კი ირანი დაკარგავდა უნიკალურ შანსს, ჰქონდეს გეოსტრატეგიული დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი და სერგეი ლავროვი. მოსკოვი 2014
ირანის რეგიონული დომინირების პერსპექტივები, რომლებიც თითქოს 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდა, მალევე გაქრა და შეიცვალა მძიმე, ძვირადღირებული და მცირეშედეგიანი ბრძოლით არსებული პოზიციების შესანარჩუნებლად.

კიდევ ერთი სახელმწიფო, რომლის ფართო რეგიონული ამბიციები ჯერჯერობით ვერ აღმოჩნდა რეალისტური, არის თურქეთი. 2002 წელს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მოსვლის შემდეგ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა განიცდის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს სტრატეგიული ხედვის გავლენას. ამ ხედვის მიხედვით, თურქეთის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი გავლენის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ბალკანეთში. ყველაზე აქტიურად თურქეთი ამას სწორედ ახლო აღმოსავლეთში ცდილობს.

თავდაპირველად ეს მცდელობა ხორციელდებოდა რბილი მეთოდებით, რომელთა შორის იყო 2010 წელს სირიასთან, ლიბანთან და იორდანიასთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტის დაწყება. თუმცა, როგორც კი 2011 წელს სირიაში აჯანყება დაიწყო, თურქეთმა სცადა მისი გამოყენება საკუთარი რეგიონული გავლენის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში არსებული ზომიერი ისლამისტური პოლიტიკური მოძრაობა – მუსლიმური საძმო – დაკავშირებულია თურქეთის მმართველ AKP-სთან. შესაბამისად, წარმატებული სუნიტური რევოლუციის შედეგად სირიის ხელისუფლებაში მოსული იქაური მუსლიმური საძმო უფრო აწყობდა თურქეთის ხელისუფლებას, ვიდრე ირანთან დაკავშირებული ასადის რეჟიმი. ამიტომ, თურქეთმა აღმოუჩინა დახმარება სირიელ მეამბოხეებს, რომელთა სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აჯანყების დასაწყისში თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

თურქეთის პრემიერი ერდოღანი და ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი. თეირანი 2014 ფოტო: AFP
თუმცა სირიის მოვლენებმა არ გაამართლა თურქეთის ხელმძღვანელობის იმედები. ერთი მხრივ, ასადის საბოლოო დამარცხება ვერ მოხერხდა. მეორე მხრივ, სირიელ მეამბოხეებში დემოკრატების და ზომიერი ისლამისტების ნაცვლად გაძლიერდნენ რადიკალი ისლამისტები, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია ალ-ყაიდასთან. შედეგად, სირიის ომმა თურქეთს მოუტანა არა მისი გავლენის ქვეშ აღმოჩენილი ლოიალური მოკავშირე, არამედ ომით განადგურებული ტერიტორია მისსავე საზღვრებზე – გაძლიერებული ისლამისტი რადიკალებით, ასევე გაძლიერებული ადგილობრივი ქურთებით და სრულიად გაურკვეველი მომავლით.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც თურქეთმა პოლიტიკური წარუმატებლობა განიცადა, ეგვიპტეა. ამ სახელმწიფოში მომხდარი რევოლუციის შედეგად ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა მუსლიმურმა საძმომ, რამაც ხელი შეუწყო თურქულ-ეგვიპტურ დაახლოებას. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში თურქეთს ჰქონდა შანსი, ეგვიპტის სახით მნიშვნელოვანი მოკავშირე მოეპოვებინა. თუმცა, 2013 წლის 3 ივლისს ეგვიპტელმა სამხედროებმა განახორციელეს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება, რომელმაც მუსლიმური საძმო ხელისუფლებას ჩამოაშორა. თურქეთმა გააკეთა არაერთი მრისხანე განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ის უძლურია შეცვალოს ეგვიპტეში არსებული პოლიტიკური რეალობა.

საგარეო წარუმატებლობებს ემატება შიდაპოლიტიკური პრობლემები თავად თურქეთში, სადაც ბოლო დროს გამწვავდა ბრძოლა AKP-სა და სეკულარულ საზოგადო-პოლიტიკურ ძალებს შორის.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში თურქეთმა მოახერხა ურთიერთობების გაუმჯობესება ქურთებთან. ეს ეხება როგორც თურქეთის ტერიტორიას, სადაც მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ქურთ მეამბოხეებთან, ისევე ერაყს. ამ ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ქურთული ავტონომია ფაქტობრივად წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ყველა ნიშნით, გარდა ფორმალური სტატუსისა. მათ შორის, ერაყელი ქურთები აწარმოებენ საკუთარ საგარეო პოლიტიკას, რომლის საკვანძო ნაწილია გაუმჯობესებული ურთიერთობები თურქეთთან. ამ ტენდენციის კარგი ილუსტრაციაა ის, რომ 2014 წლის იანვარში ერაყის ქურთისტანმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი თურქეთის ტერიტორიის გავლით, ერაყის ცენტრალური მთავრობის დაუკითხავად და მისი გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ.

ლიბანელი გოგო ჰეზბოლას ლიდერ ჰასან ნასრალას და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პორტრეტებით ფოტო: AFP
ჯამში, თურქეთის ამბიციები და იმედები მისი რეგიონული გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდებოდა 2011 წელს დაწყებულ „არაბულ გაზაფხულს", ვერ განხორციელდა. ამავე დროს, თურქეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად ახლო აღმოსავლეთში და კვლავ ეცდება საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

განსხვავებით ირანისა და თურქეთისაგან, რომლებიც ცდილობენ თავისი გავლენის სფეროს გაფართოებას, შესაბამისად, შიიტური მოსახლეობის და მუსლიმური საძმოს გამოყენებით, საუდის არაბეთის და მისი არაბი მოკავშირეების ძირითადი მიზანია რეგიონში არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება. ირანული ან თურქული გავლენის ზედმეტი ზრდა ემუქრება საუდის არაბეთის და სხვა არაბული მონარქიების მმართველი რეჟიმების სტაბილურობას. შესაბამისად, ისინი მას აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ.

მთავარ როლს ამ არაბულ კოალიციაში თამაშობს სწორედ საუდის არაბეთი, რომელსაც ამისთვის სხვებზე ბევრად მეტი რესურსი აქვს. ძირითადი მოწინააღმდეგე მისთვის ირანია. მისგან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად, საუდის არაბეთი იცავს ბაჰრეინის სუნიტურ მმართველ რეჟიმს ირანის მხარდაჭერილი შიიტური საპროტესტო მოძრაობისგან და ეხმარება იემენელ სუნიტებს შიიტ მეამბოხეებთან ბრძოლაში. მას ასევე უწევს ირანის გავლენასთან ბრძოლა საკუთარი ტერიტორიის აღმოსავლეთშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ. ამასთანავე, საუდის არაბეთი მხარს უჭერს ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს სირიაში და ანტიირანულ ძალებს ლიბანში.

პრეზიდენტი ობამა და საუდის არაბეთის მეფე აბდულა. ერ-რიადი 2014 ფოტო: AFP
თურქეთთან საუდის არაბეთს აკავშირებს ბევრად უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე ირანთან, თუმცა არაბულ ქვეყნებში თურქული გავლენის ზრდას ის არ მიესალმება. ამის ერთ-ერთი მიზეზია მხარდაჭერა, რომელსაც თურქეთი უწევს მუსლიმურ საძმოს. ამ უკანასკნელის იდეოლოგია პოტენციურ საფრთხეს უქმნის არაბულ მონარქიულ რეჟიმებს. სწორედ ამ კონფლიქტის გამოხატულება იყო ზემოხსენებული გადატრიალება ეგვიპტეში, რომელსაც საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა და რომელიც არ შედიოდა თურქეთის ინტერესებში.

კიდევ ერთი ძალა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის მომავლის განსაზღვრა საკუთარი ხედვის მიხედვით სურს, არის რადიკალი სუნიტი ისლამისტების ჯიჰადისტური მოძრაობა, რომელშიც შემავალი ორგანიზაციების დიდი ნაწილი გაერთიანებულია ალ-ყაიდას ქსელში. ამ ტოტალიტარული იდეოლოგიის მქონე ძალის მიზანია მუსლიმურ ქვეყნებში არსებული მმართველი რეჟიმების ჩამოგდება და, საბოლოო ჯამში, ერთიანი ისლამური ხალიფატის ჩამოყალიბება ინდოეთიდან ესპანეთამდე.

ამ მოძრაობის წევრი ორგანიზაციები აწარმოებენ ომებს ადგილობრივი მთავრობების წინააღმდეგ მაღრიბის ქვეყნებში (ჩრდილო-დასავლეთი აფრიკა), სომალიში, იემენში, ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჯიჰადისტების ომები ერაყსა და სირიაში, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ახლო აღმოსავლეთის ცენტრში მდებარე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. ერაყის სახელმწიფო ჯერ ისევ სუსტია, რაშიც დიდ როლს თამაშობს კონფლიქტები მისი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს – შიიტებს, სუნიტებსა და ქურთებს შორის. სირიაში კი მიდის ქაოტური სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე მხარე იღებს მონაწილეობას. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჯიჰადისტებს მათი გავლენის გაძლიერებაში. შედეგად, მათ მოახერხეს უშუალო კონტროლის დამყარება სირიის და ერაყის ზოგ ტერიტორიასა და ქალაქზე.

ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ჯიჰადისტებმა შეძლონ ძალაუფლების ხელში ჩაგდება რომელიმე ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოში, თუმცა ისინი რჩებიან ამ რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ ძალად.

ახლო აღმოსავლეთის ცენტრალური გეოგრაფიული მდებარეობის და მისი ენერგეტიკული რესურსების გამო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია გლობალური საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი ბედით დაინტერესებულნი არიან ამ რეგიონის გარეთ მდებარე სახელმწიფოებიც. მათგან ყველაზე აქტიურად ახლოაღმოსავლურ პროცესებში ჩართულია აშშ, თუმცა მასთან ერთად იქ ასევე მოქმედებენ საფრანგეთი და ბრიტანეთი.

აშშ-ის აქტიურობის ორი ძირითადი მიმართულებაა: ბრძოლა ჯიჰადისტებთან და ირანის გავლენის ზრდის შეკავება.

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები უშუალოდ არიან ჩართულნი იემენსა და სომალიში ჯიჰადისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ ასევე სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერას უწევს მაღრიბის ქვეყნებს. ამასთან ერთად, ამერიკული სადაზვერვო სამსახურები აქტიურად ებრძვიან ალ-ყაიდას და დანარჩენ ჯიჰადისტურ იატაკქვეშა მოძრაობას მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.

აშშ ბევრს აკეთებს ირანის შეკავების მიზნითაც. სწორედ ამას ემსახურება მისი სამხედრო თანამშრომლობა საუდის არაბეთთან და სხვა არაბულ მონარქიებთან. აშშ ასევე ცდილობდა ირანის გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ერაყში, თუმცა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე ძალისხმევის ნაწილია აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ ირანის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერა ლიბანში და სირიის მეამბოხეთა არაისლამისტური ნაწილისთვის გაწეული დახმარება.

სირიის შემთხვევის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ როგორც დასავლეთის, ისევე არაბული კოალიციის მიზანია არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება. ირანის ან სუნიტი ჯიჰადისტების მიერ გამოწვეული რადიკალური ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში შექმნიდა ეგზისტენციალურ საფრთხეებს არაბული მონარქიების მმართველი რეჟიმებისთვის. ამავდროულად, ეს დაემუქრებოდა ახლოაღმოსავლური ენერგორესურსების ექსპორტს და რეგიონში არსებულ საზღვაო გზებს, რაც მიუღებელია დასავლეთის ქვეყნებისათვის.

ჯიჰადისტური მოძრაობა გარანტირებულად დარჩება საფრთხედ მომდევნო წლების განმავლობაში. მასში შემავალი ორგანიზაციების მიზნებისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით, მათთან შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია როგორც დასავლეთის, ისევე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისთვის. თუმცა, ამავე დროს, ჯიჰადისტების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მათი კონტროლის ქვეშ არცერთი სახელმწიფოს არარსებობა, მათი ძალიან შეზღუდული სამხედრო და ფინანსური რესურსები, ისევე როგორც ის, რომ მათი სერიოზული წარმატება კატეგორიულად მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩართული ყველა სხვა მხარისთვის – დასავლეთის, ირანის, თურქეთის და არაბული სახელმწიფოების ჩათვლით.

სირიელი ოპოზიციონერი მებრძოლები. ალეპო 2014 ფოტო: AFP
განსხვავებული ვითარებაა ირანის შემთხვევაში. აქ საქმე გვაქვს არა ორგანიზაციების ჯგუფთან, არამედ ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია დიდი და კარგად ორგანიზებული რესურსების მიმართვა თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამავე დროს, ჯიჰადისტებისგან განსხვავებით, ირანი არის რაციონალური აქტორი, რაც სხვა სახელმწიფოებისათვის შესაძლებელს ხდის მასთან შეთანხმებების მიღწევას.

სწორედ ასეთ მცდელობას აქვს ადგილი ამჟამად აშშ-ის მხრიდან. ირანის ბირთვული პროგრამა დღის წესრიგის მხოლოდ ერთი ელემენტია. სინამდვილეში, აშშ და ირანი ცდილობენ მიაღწიონ უფრო ფართო სტრატეგიულ კომპრომისს. აშშ-ს ამისგან პოტენციურად შეუძლია მიიღოს (ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გარდა) ისრაელის წინააღმდეგ ირანის (და ჰეზბოლას) მიერ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებისგან თავის შეკავება, ისევე როგორც ირანული ამბიციების შეზღუდვა არაბეთის ნახევარკუნძულზე. თავის მხრივ, ირანი აშშ-ისგან მიიღებდა თანხმობას საკუთარი გავლენის სფეროზე, როგორც მინიმუმ, ერაყსა და ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჰერატის პროვინციაში. ამის გარდა, აშშ არა მხოლოდ მოხსნიდა ყველა არსებულ სანქციას ირანის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად მიიღებდა ირანს, როგორც ერთ-ერთ ლეგიტიმურ მოთამაშეს ახლო აღმოსავლეთში.

მიზეზები, რის გამოც ირანი ჩაერთო ამ ტიპის დიალოგში აშშ-თან, რამდენიმე ფაქტორის კომბინაციას წარმოადგენს: სანქციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის ეკონომიკა; სტრატეგიული ჩიხი სირიასა და ლიბანში; ერაყში გააქტიურებული სუნიტი ჯიჰადისტები, რომელთათვისაც ირანი წარმოადგენს ისეთივე მოწინააღმდეგეს, როგორც აშშ და რომელთა შეჩერება ორივე ამ სახელმწიფოს ინტერესში შედის.

რაც შეეხება აშშ-ს, მისთვის მოგებიანი იქნება, თუკი შეეძლება აღარ დახარჯოს თავისი რესურსები მტრული ირანის მუდმივ შეკავებაზე, რაც მისცემდა მეტ საშუალებას გამოიყენოს ეს რესურსები ჩინეთის და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებული რუსეთის მიმართულებებზე. 2001 წლიდან აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო აპარატის ძალიან დიდი ნაწილი მოქმედებდა ისლამურ სამყაროში. თუკი ეს ვითარება არ შეიცვალა, აშშ-ს ძალიან გაუჭირდება აქტიურად იმოქმედოს მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ის კი ვერ შეიცვლება, სანამ არსებობს ირანთან კონფლიქტის გამწვავების საფრთხე.

სწორედ ამიტომ, რუსეთი ამჟამად ცდილობს ჩაშალოს აშშ-ირანის პოტენციური შეთანხმება. მათ შორის, რუსეთმა შესთავაზა ირანს მისი ნავთობის იმპორტირება, რაც არღვევს ირანთან მიღწეული ბირთვული პროგრამის შესახებ დროებითი შეთანხმების პირობებს და სინამდვილეში წარმოადგენს რუსულ მცდელობას, გახადოს ირანი უფრო თამამი და მომთხოვნი აშშ-თან ურთიერთობაში. რაც უფრო ჩართული იქნება აშშ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში, მით უფრო მეტად თავისუფალი იქნება რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ აგრესიის განხორციელებაში.

დღეს შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზირება, საბოლოო ჯამში შედგება თუ არა აშშ-ისა და ირანის სტრატეგიული კომპრომისი, თუმცა ობიექტურად ის ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამ ორი ქვეყნის საბოლოო დაახლოება ნაკლებად წარმოსადგენია ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლის გარეშე, თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, მათი ინტერესების პრაგმატული შეთავსება ახლაც შესაძლებელია. ახლო აღმოსავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ძალიან რთულ და ყველა გაგებით ცხელ ადგილად, მაგრამ ირანის „მოთვინიერება" თითქმის გამორიცხავდა ამ რეგიონში დიდი სახელმწიფოთაშორისი ომის საფრთხეს და ახლოაღმოსავლურ პოლიტიკურ ქაოსს ნაკლებად სახიფათოს გახდიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები