არეულობა აფხაზეთში

ზაქარეიშვილი: საქართველომ ოთხჯერ დაადასტურა, რომ არ გამოიყენებს ძალას

საქართველოს თანასწორობის და შერიგების სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, RTVI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვი მართავს. მისივე თქმით, საქართველოს ვერავინ დააბრალებს იმას, რომ ის ახდენს სიტუაციის პროვოცირებას. 

"აფხაზეთში მიმდინარეობს  ბრძოლა ძალაუფლებისთვის, მთავარია, რომ ამ პროცესებში არ ჩააბან მოსახლეობა. მოსკოვი გათვლას არავისზე არ აკეთებს, მოსკოვი მართავს ამ პროცესებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე აქვს ფსონი დადებული. 

საქართველოს არ მოუხდენია ამ სიტუციის პროვოცირება, ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ჩამოვართვით მათ ეს არგუმენტი და ვერავინ იტყვის, რომ პრობლემებს აფხაზეთის მოსახლეობას საქართველო უქმნის. ჩვენ ოთხჯერ ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველო არ იქნება შეიარაღებული დაპირისპირების ინიციატორი. პირველად ეს იყო მაშინ, როცა ჩვენ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება დავიწყეთ, ამ შეთანხმებას კი დღემდე არ ასრულებს რუსეთი. მეორედ ეს იყო გამყოფ ზოლზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ არ ვემზადებით სამხედრო ძალის გამოყენებისთვის, მესამე, 2010 წელს სტრსბურგში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მეოთხე - 2013 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ არ განაახლებს საომარ მოქმედებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

  

კომენტარები