მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

სერგეენკო: მარიხუანის მოხმარებისთვის არაადეკვატური სასჯელი აღარ იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მარიხუანის მოხმარებისთვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელი აღარ იქნება. ამასთან, როგორც სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, შეიცვლება სააფთიაქო ნარკომანიისადმი "არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც". როგორც სერგეენკო აღნიშნავს, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.

"ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად, მარიხუანასთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო მარკომანიასთან კი - აბსოლუტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ, მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. ჩვენ ვცდილობთ სამივე მოვაგვაროთ, მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მთავრობა ნარკოსტრატეგიის სამუშაო ვარიანტს უახლესი ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენს.

ცნობისთვის, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საქართველოს ექვს ქალაქში დღეს აქციები გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია. ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მოძრაობა 2 ივნისის წევრები მთავრობას იმ დაპირების შესრულებას სთხოვენ, რომელიც ნარკოპოლიტიკის გადახედვას გულისხმობს.

კომენტარები