პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: რეალური შედეგია, რომ რუსეთისგანაც ვხედავთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების რეალური შედეგია რუსული ბაზრის გახსნა და ის, რომ "გვაქვს მაქსიმალურად კონსტრუქციული რეჟიმი". როგორც პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სააგენტო ბლუმბერგის საპასუხოდ აღნიშნა, ასევე რეალური შედეგია ის, რომ რუსეთის ხელისუფლება, მათი განცხადებით, არ ჩაერევა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში. ბლუმბერგის ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, რა გაუმჯობესდა კონკრეტულად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და ხომ არ დადგა დრო, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების პირისპირ შეხვედრის.

"წინა ხელისუფლება რადიკალურ, არასწორ და გაუაზრებელ პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან მიმართებით, რაც დამღუპველი და არავითარი შედეგის მომტანი არ იყო. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ შედეგზე ვიფიქროთ. ხალხმა იმიტომ აგვირჩია, რომ კონკრეტული შედეგი მოვიტანოთ ნებისმიერ სფეროში და, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობაში. ვიყავით და ვართ დაინტერესებული, რომ მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის  ნორმალიზება. ეს შევძელით გარკვეული მიმართულებებით და უკვე მივაღწიეთ რეალურ შედეგს. ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ მოხდა რეალურად დეესკალაცია იმ დაძაბულობის, რომელიც წლების განმავლობაში იყო. მინიმუმამდე დავწიეთ ის ტემპერატურა და დაძაბულობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებოდა. რეალურად დაიწყო ხალხთა შორის ნდობის აღდგენის პროცესი, გავაუმჯობესეთ კულტურული ურთიერთოები და აღვადგინეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. ამ ყველაფერს მოჰყვა რეალური შედეგები, მოიხსნა ემბარგო ღვინოზე, მინერალურ წყალზე, სხვადასხვა პროდუქტზე. ეს რეალური შედეგი და სარგებლის მომტანია თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის. აი, ეს არის ჩამონათვალი, რა გაუმჯობესდა რუსეთთან ურთიერთობაში" - განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგს, ამ ეტაპზე არის ის, რომ "ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად კონსტრუქციული რეჟიმი, ამ რეჟიმში ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამოცანა არ არის ურთიერთობების დაძაბვა და ხელახალი ესკალაცია.

"ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დროზე მოვაგვაროთ, დავალაგოთ ურთიერთობები, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და გრძელვადიანი სტაბილურობა. ჩვენი მიზანი და რეალური შედეგია რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ არ აპირებს, ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში, ესეც რეალური შედეგია, რომ მათგანაც ვხედავთ კონსტრუქციულ პოზიტიურ ნაბიჯებს. საქართველო საინტერესო მოდელი შეიძლება გახდეს, რადგან ეს არის სახელმწიფო, რომელიც ახერხებს ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს არის საინტერესო პრეცედენტი, ეს საინტერესოა ყველასთვის, როგორც საქართველოს, ისე რუსეთისთვის" - თქვა პრემიერმა.

რაც შეეხება, რუსეთის პირველ პირებთან შეხვედრას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ამას სჭირდება კარგი, სერიოზული მომზადება. ჩვენ ზოგადად, გვაქვს მზაობა, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ როდის, რა ფორმატით, სად, როგორ, ამას დრო გვიჩვენებს. ამას სჭირდება მომზადება, დრო და მოთმინება".

კომენტარები