სოციალური დახმარება

სერგეენკო: სოციალური დახმარება 5 215 ოჯახს მოეხსნა და 5 000-ს დაენიშნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5215 ოჯახს სოციალური დახმარება სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით გადამოწმების შედეგად შეუწყდა. სამინისტროს განცხადებით, შემწეობის შეწყვეტის მიზეზი უმეტესად დამატებითი შემოსავლების და ავტომობილის პირად საკუთრებაში არსებობა ქონა გახდა.

ამასთან, მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა 5 000 ოჯახს დაენიშნა. სულ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 452 806 ადამიანს შეადგენს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ახალმა ხელისუფლებამ უმწეოთა პროგრამიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი ამოიღო, ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, "რაც დრო გადის, მით უფრო ზედმეტად ვთვლი აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას". როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყოველთვის მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას და იმსჯელოს საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს შეადგენს.

"საიდან მოიტანეს 100 ათასი, არ ვიცი, წელს 5 200 ოჯახს მოეხსნა და 5 000-ს დაენიშნა. ეს პროცესი დაახლოებით თანაბარია. რაც შეეხება ინფორმაციის წვდომას, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. ხოლო თუ რამდენიმე დღე პორტალი გაჩერებულია, ნებისმიერ ტექნოლოგიას სჭირდება პერიოდული განახლება. ასე რომ, მე პირადად საკმარისად მოვისმინე აპოკალიფსური მოლოდინები ჯერ საყოველთაო ჯანდაცვაზე, მერე ვირტუალურ 5-ლარიან დაზღვევაზე, ახლა 100 ათას გაუბედურებულ ოჯახზე. ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ ამაზე კომენტარების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან საქმე გვაქვს უამრავი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმისათვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირება სოციალური დახმარების გაორმაგების თაობაზე შეესრულებინა, ხელისუფლებამ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, ეს 2013 წლის საბიუჯეტო დანაკლისის ფონზე მოხდა.

კომენტარები