ინვესტიციები

დავით იაკობაშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება გართულდა და ბიუჯეტი ზარალდება

დავით იაკობაშვილი
არტიომ გოლოშაპოვი / Forbes

ჟურნალში Forbes Russia ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ის საკუთარ ბიზნესზე და საქართველოში გაკეთებულ ინვესტიციებზე საუბრობს. 

2011 წელს იაკობაშვილმა საკუთარი აქციები გაყიდა რუსულ კომპანიაში ვიმ-ბილ-დანი. ტრანზაქციის შედეგად ბიზნესმენმა 610 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. 2014 წელს ბიზნესმენი Forbes-ის მილიარდერთა სიაშიც მოხვდა 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონებით. 

ამჟამად იაკობაშვილი Petrocas Energy Group-ის მფლობელია, რომელიც 140 გაზგასამართ სადგურს ფლობს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მასშტაბით. გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია ორი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი ფოთსა და ბათუმში. მისი პარტნიორია Petrocas Energy Group-ის პრეზიდენტი, ვანო ნაკაიძეა. 

Petrocas Energy Group-ის ყოფილი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. 2012 წელს მან კომპანიის აქტივების იაკობაშვილს მიყიდა. გარდა Petrocas Energy Group-ისა იაკობაშვილმა კეზერაშვილისგან სარეკლამო სააგენტო Outdoor.ge, შაქრის მწარმოებელი კომპანია და კაზინო აჭარაც შეიძინა. იაკობაშვილის თქმით, საქართველოში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და დღესდღეობით, საქართველოში მისი ინვესტიციის რაოდენობამ 470 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 

"ყველა ჩემი ქართული კომპანია საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ საქართველოში ბიზნესის კეთება რთულდება" - ამბობს იაკობაშვილი Forbes Russia-სთვის მიცემულ ინტერვიუში - "ახლა ჩადებულ ინვესტიციაზე 20%-იან მოგებას ვნახულობ. მარტო Petrocas Energy Group-ის გადახდილმა გადასახადებმა ბიუჯეტში 60 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი კომპანიის რესურსებიდან გამომდინარე ამ თანხის გაორმაგება იყო შესაძლებელი" 

იაკობაშილი ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორებად ბიზნეს-პროცესებში ჩარევას ასახელებს. 

საქართველოში ბიზნესის წარმოებისას ყველასთვის ერთი და იგივე წესები არ მოქმედებს. ბიზნესპროცესებში გარეშე ძალები ერევიან და ეს საკმაოდ საგრძნობია - ამბობს იაკობაშვილი.

"საწყენია, რომ საღი აზრისა და თამაშის წესების არ არსებობის გამო არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად ზარალდება" - ამბობს ბიზნესმენი ფორბსთან ინტერვიუში.

კომენტარები